ახალი ამბები

ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. მან ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა და მიზეზად ბოლო დროს პოლიტიკასა და ეკლესიაში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

მისი თქმით, ქვეყანაში „სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა“, „ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი“, ამ ფონზე კი, „ბრძოლა ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის მიმდინარეობს“. მისი განმარტებით, „ყველაზე დამანგრეველი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაა“.

„ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო. უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეები აირჩია, ხელისუფლებამ ღირსებისა და ზნეობის დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა… დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ეკლესიებში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა“, – განაცხადა დღეს პლენარულ სხდომაზე ალექსანდრე ერქვანიამ და თქვა, რომ იგი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას.

ალექსანდრე ერქვანია უკვე მე-14 დეპუტატია, რომელმაც ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადსვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობის რიგები დატოვა.

ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის წევრი 2016 წელს ქართული ოცნების სიით გახდა. მანამდე იგი კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button