ახალი ამბები

ოჯახი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან „უპირობო, დაუყონებლივ“ გათავისუფლებას ითხოვს

ცხინვალში „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიან პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 9 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა და მისი ცხინვალის ციხიდან დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებ მოითხოვა.

გაფრინდაშვილის მეუღლეს, თამილა ლაფანაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა და რომ ოჯახს გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია, გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ოფიციალური პირები თავიდანვე ჩართულები არიან, ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლების თაობაზე მათი დაპირებები კვლავ შეუსრულებელია და გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან ერთი თვის თავზე, მისმა მეუღლემ საქართველოს მთავრობას უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგმისა და უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდის წინ, ლაფანაშვილმა მოუწოდა მის მონაწილეებს „მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე“. ოჯახმა გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მიშელ ბაჩელეტ ხერიას მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ვაჟა განიხილონ არა მხოლოდ როგორც საქართველოს, არამედ როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე, რათა მოხდეს შეთანხმება და ვაჟა უპირობოდ და დაუყონებლივ გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლაფანაშვილმა და აღნიშნა, რომ 10 დეკემბერს დილის 10 საათზე ჟენევაში გაეროს შტაბბინის წინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაწყებამდე, აქცია გაიმართება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე თამილა ლაფანაშვილმა ის დღე გაიხსენა, როდესაც მისი მეუღლე დააკავეს და აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს, როდესაც ოჯახი შაბათ-კვირას გეგმავდა, ვაჟამ განაცხადა, რომ კასპში პაციენტი უნდა მოენახულებინა და მალე დაბრუნდებოდა.

„შემდეგ იყო ზარი, რომელმაც მთლიანად ამოაყირავა მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩემს ნომერზე შემოვიდა ვაჟას ზარი და მითხრა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სადღაც მიჰყავდათ, ალბათ, ცხინვალის ციხეში. როგორც კი შევიტყვეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს, დაუყონებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ოჯახი გორის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში იმავე საღამოს დაიბარეს, სადაც უთხრეს, რომ გაფრინდაშვილი ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ბაზაზე იყო დაკავებული. ლაფანაშვილისვე თქმით, რომ მათ ასევე განუმარტეს, რომ მომავალ ორშაბათს დაგეგმილი სასამართლო მოსმენის შემდეგ, მის ქმარს გაათავისუფლებდნენ.

თუმცა, 13 ნოემბერს ოკუპირებულმა ცხინვალმა განაცხადა, რომ ქართველ ექიმს „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით დასდეს. გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე რიგი შეხვედრები გაიმართა და განცხადებები გაკეთდა, თუმცა ოჯახი იმედგაცრუებულია, რადგანაც ჯერ შედეგი მიღწეული არ არის.

თამილა ლაფანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქმარს საბოლოოდ გაათავისუფლებენ და მიმდინარე კვირას ის ოჯახს დაუბრუნდება და დასძინა, რომ თუ ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს, ისინი პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button