ახალი ამბები

ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე: ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მკვეთრად უარესდება“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 5 დეკემბერს ბრატისლავაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეუთოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით უნდა მოგვარდეს.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკვე 11 წელია, რუსეთის „სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის“ შედეგებს იმკის და რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება მკვეთრად უარესდება“.

„ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს, როგორც ამას ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს, საოკუპაციო ძალა ინტენსიურ მილიტარიზაციას განაგრძობს, რითაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, პროცესს კიდევ უფრო ამწვავებს ტერიტორიების მიტაცება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საგუშაგოების აშენება. „ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის თავზე, ჩემი ქვეყანა მავთულხლართებით გაყოფლია თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ადამიანებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება და თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ“ და რომ საოკუპაციო ძალები „განაგრძობენ ადგილობრივების, მათ შორის ქალების, ბავშვების და თავად ექიმების გატაცებას“.

„ოკუპირებული რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენება. ნებისმიერ დროს, მათ შესაძლოა ოკუპირებული რეჟიმის სხვა მსხვერპლთა ბედი გაიზიარონ, რომელთა შორის არიან დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, „მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ“, რაც კიდევ უფრო აძლიერებს „დაუსჯელობის განცდას ოკუპირებულ რეგიონებში“. „ძალადობრივად გამოძევებული ასიათასობით ქართველი დევნილი და ლტოლვილი კვლავ ელის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. ოკუპირებული რეგიონების სულ უფრო მეტი მკვიდრი იმყოფება საკუთარი სახლებიდან ანალოგიურად გამოძევების ზღვარზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ხაზი გაუსვა რა საქართველოს მზადყოფნას, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ჩვენი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენაა მიმართული“. „მზად ვართ, ჩვენი მიღწევებისა და პროგრესის სარგებელი საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს გავუზიაროთ“, – დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრატისლავას 4-6 დეკემბერს სტუმრობს. მანამდე, 5 დეკემბერს, იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან თავის კოლეგებთან ერთად ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელ ფონტელესს შეხვდა.

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, ზალკალიანმა ცალკე შეხვედრები გამართა ლიეტუვასა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button