ახალი ამბები

სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე ნიკა მელია და ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე 2 დეკემბერს განაჩენი გამოიტანა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია, რომელიც იმ მომენტისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსან ბრალი 2013 წლის იანვარში წარედგინათ.

საქმის განხილვა თითქმის შვიდ წელს გაგრძელდა. როგორც დღეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, საქმის გაჭიანურების მიზეზი მისი მოცულობა, საქმეზე დაკითხული ასეულობით მოწმე და პროცესებზე თავად ბრალდებულ ნიკა მელიას გამოუცხადებლობა იყო.

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 24-205(1)-ე მუხლით (საწარმოს ქონების გადამალვაში დახმარება) და 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ედებოდა. 

სასამართლომ დეპუტატი მელია ქონების გადამალვასთან დაკავშირებულ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მას სასჯელის სახედ 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ამასთან ერთად, ორი წლისა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც გამოძიება საწარმოს ქონების გადამალვის ორგანიზებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას, ასევე ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენების ორგანიზებასაც ედავებოდა, სასამართლომ მას დაუსწრებლად ხუთი წლითა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუჯასა, ასევე ორი წლისა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, განაჩენი აბსოლუტურად გამამართლებელი უნდა ყოფილიყო, რადგანც საქმეში მელიას ჩართულობის შესახებ არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა.

„ჩვენი შეფასებით, ეს საქმე იქნა გამოყენებული იმ მარტივი მიზეზით, რომ ნიკა მელიას შეუწყდეს დეპუტატის მანდატი. ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი პირდაპირ ითვალისწინებს პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტას“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, პარლამენტარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იგი დამნაშავედ არის ცნობილი.

პარლამენტმა დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

საქმის პროკურორის განმარტებით კი, ბრალდების მხარეს დეპუტატის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენი დადგომის მოლოდინი ჰქონდა და მისი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას განაჩენის დასაბუთებული ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი დღეს თავად ნიკა მელიამაც გააკეთა. „ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ვერცერთი სისხლის სამართლის საქმით ვერცერთ ოპონენტს და სამოქალაქო აქტივისტს ვერ შეაჩერებს და საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიკაპს ვერავის გაუკეთებს… ბიძინა ივანიშვილს მოუწევს, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას და იმოქმედოს საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისად“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ნიკა მელიას ბრალი კიდევ ერთ საქმეზე აქვს წარდგენილი. საგამოძიებო უწყება მას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ 25 ივნისს საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა. 26 ივნისს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 27 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა და პროკურატურას დეპუტატის გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, რისთვისა მელიას სპეციალური სამაჯური დაუმაგრეს.

სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე თავისუფლების აღკვეთა უკვე შეფარდებული აქვს ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც, რომელიც 2012 წლის ბოლოდან უნგრეთში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში თავშესაფრით სარგელობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button