ახალი ამბები

მოგერინი „საქართველოში ზოგიერთ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით რისკს“ ხედავს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სტრასბურგში 27 ნოემბერს განაცხადა, რომ „დღეს საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში ზოგიერთ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით უკუსვლის რისკები ჩანს“.

„საქართველო სამეზობლოში, ჩვენს პარტნიორობაში ახლო და სანდო მოკავშირეა და სწორედ ამიტომ არ ვარიდებთ თავს, როდესაც რისკებს ვხედავთ“, – განაცხადა ევროპარლამენტში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, მოგერინიმ.

აღნიშნა რა, რომ „კონფლიქტი ჯერ არ გამქრალა ჩვენი კონტინენტიდან“, ევროკომისარმა ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს არსებულ დაძაბულობაზეც ისაუბრა. „ბოლო თვეებში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუარესდა“, – თქვა მოგერინიმ და იქვე დასძინა: „სწორედ ამიტომ ვზრდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ყოფნას ადგილზე“.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხოლოდ პრინციპული განცხადება ან დეკლარირება არ არის და ეს ადგილზე ჩვენი ყოველდღიური კონკრეტული მუშაობის საფუძველია“, – აღნიშნა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button