Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 24-26 ნოემბერს გერმანიას სტუმრობს. დღეს იგი ბერლინის მე-9 საგარეო პოლიტიკის ფორუმზე გამოვიდა სიტყვით, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ „საგანგაშო“ ვითარებაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში ზალკალიანი ცხინვალში ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასაც შეეხო, რაც, მისი თქმით, ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული ვითარების მაჩვენებელია.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ვოლფგანგ შოიბლეს შეხვდა, სადაც მწვავედ იქნა შეფასებული ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი, რაც „საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს, დესტრუქციულ ქმედებას და ხელს არ უწყობს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფას“.

„გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.

ბერლინში ზალკალიანი ასევე შეხვდა ბუნდესტაგის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს.

გერმანიიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ხვალ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიან მორი პასკიეს შეხვდება. 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

ზალკალიანის თქმით, ექვსთვიანი თავმჯდომარეობის დროს ქვეყნის პრიორიტეტული სფეროები იქნება: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება; და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ჩართულობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button