ახალი ამბები

ოპოზიცია პროპორციული არჩევნების შესახებ მმართველი გუნდის პოზიციას აკრიტიკებს

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხდებას, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს, ოპოზიციური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ ოცნების განცხადების გარშემო გაკეთებულ შეფასებებს გთავაზობთ:

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „სცენარი მიმდინარეობს დიქტატორული ჟანრის მიხედვით, როდესაც ხელისუფლება ვეღარ ფლობს სიტუაციას, დაკარგული აქვს კონტროლი და ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს, ამიტომ ცდილობენ ირეალურ სამყაროში იცხოვრონ და იქიდან უკარნახონ საზოგადოებას თავისი პირობები, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. დღევანდელი განცხადების შემდეგ, მგონი, ვისაც კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ქართული ოცნება გონს მოეგებოდა, გაბრაზებული გამოვა და ჩვენ ერთიანი მსვლელობით ვაჩვენებთ ხელისუფლებას ძალას“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „იმავეს ამბობენ, რასაც აქამდე, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება. ეს უტიფარი სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები სანამ ასე იქცევიან, მწვავე პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი საერთო პოზიცია იყო და არის პროტესტი. ეს პროტესტი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე სასურველი იყო ქვეყნისთვის. დღეს კიდევ ახალი რეკორდები მოხსნეს – „კარგი ბიჭები ვინც იქნებიან, იმათ არ დაუყენებთ მაჟორიტარ კანდიდატებს“.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „რაციონალური მიდგომა და გააზრება პრობლემების ძალიან უჭირს და უბრალოდ არ შეუძლია მმართველ პარტიას. ეს არის ნაბიჯები კრიზის უფრო მეტად შექმნის და საკუთარი ძალაუფლების ტკბობის დემონსტრირების. ეს, როგორც წესი, ძალიან ცუდად მთავრდება და ამის პასუხი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის პროტესტი, რაც შეიძლება მეტი პროტესტი“.

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა: „ასე ღია განცხადება, რომ ვინც გაიყიდებით, გაგვირიგდებით და დაშლით ამ ერთობას, იმათ პარლამენტში ერთ-ორ კაცს გაგაყვანინებთო. კარგით რა, რას აკეთებთ? ასე შეიძლება ხალხს დასცინოთ? ასე შეიძლება აბუჩად აიგდოთ საქართველო? არ გამოვა ასე, არ გაჩერდებიან ეს ახალგაზრდები. აი, სულ რომ გავგიჟდეთ პოლიტიკური პარტიები და მართლა წამოვიდეთ ასეთ გარიგებებზე ახალგაზრდები არ გაჩერდებიან“.

ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „დღევანდელი განცხადება, რომ მაჟორიტარებს, თურმე, არ დააყენებენ ზოგიერთ ოლქებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ყველაზე მეტად რისიც [ხელისუფლებას] ეშინია, ეს არის ერთობა, რომელიც დღეს არის ოპოზიციურ სპექტრში. ეს გაგრძელდება და ამ ერთობის ფონზე გაგრძელდება საპროტესტო აქციები და ეს აქციები გაღრმავდება და გაფართოვდება“.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა„ჩვენ ვიცით ხელისუფლებები, რომლებიც არანაკლებ და უფრო მეტად გაჯიუტებულან საღი აზრის ნაბიჯების გადადგმაზე, არ შეუცვლიათ საარჩევნო სისტემა და დაუთმიათ ხელისუფლება. ამიტომ, ოპოზიცია ამ პროცესში როცა შევდივართ, შევდივართ იმ აზრითაც, რომ თუ [ხელისუფლება] არაფერს შეცვლის, მაშინ არსებული სისტემით მოუწევს [მას] წასვლა ხელისუფლებიდან. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ ორთაბრძოლის ველად, სადაც ერთმანეთთან ჭიდაობაში გადავთელავთ ყველაფერს – ეკონომიკას, სტაბილურობას“.

გიორგი გუგავა – ლეიბორისტული პარტია: „კალაძე და ოცნების სხვა აფერისტი წარმომადგენლები გააკეთებენ იმ განცხადებას, რომელიც მათთვის სასურველია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენი გეგმა, არის ერთიანობა. იქნება პიკეტებიც, დემონსტრაციებიც, კონსტიტუციის ჩარჩოში ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის“.

ბადრი ჯაფარიძე – მოძრაობა ლელო„ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქართული ოცნება მზად არის დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისათვის. რაც დღეს განაცხადეს, იქნება ეს ვითომ დათმობა მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებელი კანდიდატებისადმი, არის აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება. ეს არის მუქარა იმისთვის, რომ ამან შეანელოს მუხტი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა განხეთქილების შეტანის და ოპოზიცია ამ შემთხვევაში ერთსულოვანია და მოთხოვნა გაგრძელდება – გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და პროტესტი არ დაიკლებს“.

ნინო გოგუაძე – თავისუფალი დემოკრატები: „ეს არის, რა თქმა უნდა, კვლავ გამოწვევა ქართული საზოგადოების, ვითომ იგი შეეცადა, ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ 2024 წლისთვის რომ არის ჩაწერილი პროპორციული არჩევნები, იმის საფრთხის ქვეშ დაყენებაც კი შეუძლია პლებისციტს. ეს იყო მუქარა, მაგრამ მე მას ვპირდები, რომ 2020 წელს დაკარგავს ხელისუფლებას და, რასაკვირველია, არანაირი მაჟორიტარული ამ მართლაც სამარცხვინო შუასაუკუნოვანი ფეოდალების სისტემა საქართველოში აღარასდროს იქნება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button