ახალი ამბები

პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც მესამე დღეა განიხილავს 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებისას, სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 37 დემონსტრანტის საქმეს, დღეს 10 პირს სხვადასხვა ხანგრძლივობის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს – 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, კიდევ ერთს კი – სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ყველაზე ხანგრძლივი – 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ბექა ბასილიას, ირაკლი ნადირაძეს და დიმიტრი ბიძინაშვილს შეუფარდა. გიგა მაქარაშვილი საპატიმროში – 12 დღეს, ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღეს, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე – 5 დღეს, ხოლო ირაკლი კაჭარავა და დათო მჟავანაძე 4 დღეს გაატარებენ.

1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა გურამ მჭედლიშვილს მოუწევს. პაატა სოსანაშვილი კი, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა.

სასამართლო განხილვა 20 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყო და 21 ნოემბერს დაახლოებით ღამის 01:30 საათისთვის დასრულდა.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული დანარჩენი 25 პირის საქმის განხილვა დღეს 15:00 საათიდან გაგრძელდება.

უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელიც პიკეტირებისას დაკავებულ პირთა ერთ ნაწილს იცავს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლემ დემონსტრანტები სამართალდამრღვევებად მხოლოდ პოლიციელთა დაუმორჩილებლობაში სცნო, ხულიგნობაში მონაწილეობა კი, არ დადგინა.

მისივე თქმით, მოსამართლე იყო „ძალიან მკაცრი“ და, საქმეთა უმრავლესობაზე, თავისი გადაწყვეტილება დააყრდნო მხოლოდ ერთი პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომელშიც არაერთი უზუსტობა გამოიკვეთა. „სამწუხაროდ მოსამართლემ ასეთი სუსტი და დაბალი სტანდარტით მიიღო გადაწყვეტილება“, – თქვა გიორგი მშვენიერაძემ და დასძინა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის პიკეტირებისას დაკავებულ დემონსტრანტთა საქმის განხილვა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პროტესტის ფონზე წარიმართა. სასამართლოს შენობაში მობილიზებული იყვნენ პოლიციელები.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სავარაუდოდ, დღესაც შეიკრიბებიან.

14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

17 ნოემბერს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შესასვლელების პიკეტირება გადაწყვიტეს და საკანონმდებლო ორგანოს ყველა ჭიშკარს ბოქლომები დაადეს.

პიკეტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დეპუტატი არც მეორე დღეს შეუშვეს, რის გამოც დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.

დაახლოებით დღის სამ საათამდე მმართველი გუნდის ლიდერები და შსს პიკეტის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავდნენ.

მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებდნენ და პარლამენტის შენობის პიკეტირებას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ მათი მოთხოვნა არ შესრულდებოდა.

საპასუხოდ, 18 ნოემბრის, დღის დაახლოებით 4 საათისთვის, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის პერიმეტრის გათავისუფლებისთვის მზადება დაიწყეს და შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, წყლის ჭავლისა და სპეცტექნიკის გამოყენებით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი ბარიკადებისგან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი ფორმებით სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის დაშლისას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button