Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები 25 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 25 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი განმარტებით, ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართებიან.

გეგმების შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილებს, 19 ნოემბერს, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა და განმარტა, რომ ისინი 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ, რათა ქართული ოცნების დეპუტატებს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ. 

„ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტრუქციული, იქნება კანონიერი. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს. ოლიგარქია უნდა დამთვარდეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით კი, ორშაბათამდე ოპოზიციის მიერ „ყველა [იმ] პოლიტიკური შენობის“ ბლოკირება მოხდება, სადაც „ეს ხალხი [ქართული ოცნება] ჩვენს ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო და მავნებლურ ნაბიჯებს დგამს“.

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრის გიგი უგულავას განმარტებით, ივანიშვილი „იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს და გადაადგილდეს სპეცრაზმის საშუალებით“.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე და პარლამენტის პიკეტირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ადამიანებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებები გამოხატონ“. თუმცა, დედაქალაქის მერმა იქვე დასძინა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართალდამცველი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

17 ნოემბერს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შესასვლელების პიკეტირება გადაწყვიტეს და საკანონმდებლო ორგანოს ყველა ჭიშკარს ბოქლომები დაადეს.

პიკეტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დეპუტატი არც მეორე დღეს შეუშვეს, რის გამოც დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.

დაახლოებით დღის სამ საათამდე მმართველი გუნდის ლიდერები და შსს პიკეტის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავდნენ.

მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებდნენ და პარლამენტის შენობის პიკეტირებას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ მათი მოთხოვნა არ შესრულდებოდა.

საპასუხოდ, 18 ნოემბრის, დღის დაახლოებით 4 საათისთვის, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის პერიმეტრის გათავისუფლებისთვის მზადება დაიწყეს და შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, წყლის ჭავლისა და სპეცტექნიკის გამოყენებით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი ბარიკადებისგან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი ფორმებით სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის დაშლისას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავა. საქალაქო სასამართლოში მათი პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button