Placeholder canvas
ახალი ამბები

პროტესტის პარალელურად, ოცნება ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულობაზე საუბრობს

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირების ფონზე, დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივნმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ კვლავ ნაციონალური მოძროაბის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა და პარლამენტის პიკეტირებას „იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსი“ უწოდა.

კალაძის შეფასებით, გუშინ, „ყველამ ნათლად დაინახა“, რომ საპროტესტო აქციის „რეალური ორგანიზატორი“ ნაციონალური მოძრაობა განშტოებები იყო. იგი ასევე მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის საბაბით გამართული აქციის რეალური მიზანი ქვეყანაში „პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა“.

კალაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, თავის დროზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მხარი არ დაუჭერია, თორემ „ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა“.

„ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი – „ძალაუფლება ნებისმიერ ფასად“ – უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, „ხალხის მობილიზების არქონის ფონზე“, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შეტანას ცდილობს. „ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – ამბობს ოცნების გენერალური მდივანი.

იგი იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს და არჩევნები მოქმედი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება. „მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ“, – დასძენს თბილისის მერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

პარლამენტის შნობის პიკეტირებას განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყება „ხაზგასმით განვმარტავს“ , რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, „აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, „შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს“.

„ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ პროპორციული მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. იმავე მოთხოვნით, გუშინვე დამოუკიდებელი აქცია პატრიოტთა ალიანსმაც ჩაატარა.

მოგვიანებით, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შესასვლელბთან გადაინაცვლეს, ყველა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და თქვეს, რომ ოცნების დეპუტატები პარლამენტის შენობაში ჩვეულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ და ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხოლოდ მათი მოთხოვნით დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ. მათვე პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების მიზნით ადგილზე კარვები გაშალეს და ბარიკადები აღმართეს.

პარლამენტის შესასვლელები ამ დრომდე პიკეტირებულია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისული ოცნების ორი დეპუტატი შენობაში არ შეუშვეს. პიკეტირების გამო დღეს საკანონმდებლო ორგანოში 12 საათისთვის ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ჩაიშალა, რომელზეც საქართველოს მომავალი ბიუჯეტი უნდა განეხილათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button