ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო წუხან

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანებიან და ოცნების მიერ გაცემული დანაპირების ვერშესრულების გამო წუხილს გამოთქვამენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩასატარებლად ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას  საზოგადოებისა და სრული ოპოზიციური სპექტრის პროტესტი მოჰყვა.

ისინი პარლამენტის წინ ამ მომენტისთვისაც არიან შეკრებილები და ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. თუმცა, ქართული ოცნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს

სალომე ზურაბიშვილი 15 ნოემბრის განცხადებით, „სამწუხაროა“, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ „ხმამაღლა გაჟღერებული ინიციატივა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი“, რაც მისივე შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს იწვევს. თუმცა, იგი იქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნისთვის „დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული“ არ არის.

„როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი სხვა ქვეყნების მაგალითებსაც იშველიებს და ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სხვადასხვა ტიპის საარჩევნო სისტემა არსებობს და „ვერცერთ სისტემაზე ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია“.

„ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება. თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება“, – აცხადებს პრეზიდენტი და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საარჩევნო კოდექსის დახვეწისა და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველა შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც და ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ დანაპირებს შეასრულებს და 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომ გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, [თუმცა] ხაზგასმით ვამბობ, რომ სამწუხაროდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ ვერ გაიარა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ინიციატივა ჩვენ გივდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაც შეაფასა და თქვა: „ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას“.

მმართველმა გუნდმა 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი, 101 ხმით სამის წინააღმდეგ, ჩააგდო.

საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა მოჰყვა. დღეის მდგომარეობით უმრავლესობა უკვე 12-მა დეპუტატმა დატოვა.

საკანონმდებლო ცვლილების არმიღებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. მომხდარს კრიტიკულად გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button