Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ის ნორმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი განისაზღვრა და რომლითაც, ბოლო რამდენიმე თვეა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

2019 წლის 1 მაისს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურის მიხედვით, დაზუსტდა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე განისაზღვრა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები.

ახალი საკანონმდებლო ნორმების თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე უნდა შეარჩიოს. საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის პროცესი კი რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, მოსამართლეობის მსურველთა საბუთების მიღებასა და შესწავლას, პირის კანდიდატად რეგისტრაციას, საჯარო გასაუბრებისათვის კანდიდატთა გამოვლენას, გასაუბრების შედეგად მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სიის შედგენასა და პარლამენტში წარდგენას მოიცავს. შერჩევის სხვადასხვა ეტაპზე კანდიდატის გადაყვანა ფარული კენჭისყრით ხდება, ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დასაბუთება არ ევალება.

თავის მხრივ, პარლამენტი იუსტიციის საბჭოს მიერ ნომინირებულ მოსამართლეობის კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო სხდომაზე ინდივიდუალურად უსმენს, შემდეგ კი, კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თანამდებობაზე უვადოდ ინიშნება.

ლომჯარიამ დღეს ომბუდსმენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 1 ნოემბერს წარედგინა, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ვენეციის კომისიის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების (ეუთო/ODIHR) დასკვნებს ეფუძნება, ასევე 2019 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლენის ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს.

ომბუდსმენის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს, აგრეთვე – დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფის პრინციპს.

„შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არ არსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, „ურთიერთშეთანხმებით და კოორდინაციით“ მოქმედებდნენ. ამასთან, ობბუდსმენისვე თქმით, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას კანდიდატებისთვის მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდებოდა.

საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის სადავო ნორმების შეჩერების შუამდგომლობასაც აყენებს. ომბუდსმენი იმასაც განმარტავს, რომ მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერება, პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და კენჭისყრის პროცესს ვერ შეაჩერებს, თუმცა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე ექნება გავლენა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 10 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიის დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოაცხადა.

საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა. 4 სექტემბერს კი, აღნიშნულ კანდიდატებთან დაახლოებით ერთთვიანი საჯარო გასაუბრებების შემდეგ, საბჭომ პარლამენტში წარსადგენი 20-კაციანი სია გამოაქვეყნა.

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მათი მოსმენა თვენახევრის შემდეგ, 8 ნოემბერს დასრულდა.

მთელი ეს პროცესი, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. ოპონენტები ქართული ოცნების ხელისუფლებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებაში ადანაშაულებენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button