ახალი ამბები

შსს-მ კინოთეატრებთან მომხდარი ინციდენტების დროს 28 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან, გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 კი – ბათუმში დააკავეს. მათ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.

გარდა ამისა, შსს-მ კიდევ ერთი პირი თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სამოქალაქო აქტივისტზე, ანა სუბელიანზე განხორციელებული თავდასხმისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ასევე პოლიციელებზე თავდასხმისა და შსს-ის ავტომობილის დაზიანების ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პოლიცია „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“ 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენებების დროსაც უზრუნველყოფს.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოში ჩვენებას რადიკალურმა ჯგუფებმა პროტესტი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუცხადეს და წინასწარვე თქვეს, რომ ისინი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ არ დაუშვებდნენ. ფილმისადმი უარყოფითი პოზიცია საქართველოს საპატრიარქომაც გამოხატა.

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ჩვენება 9 და 10 ნოემბერსაც გაგრძელდება.

ფილმის ჩვენების პარალელურად, პროტესტის გაგრძელებას რადიკალური ჯგუფებიც გეგმავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button