Placeholder canvas
ახალი ამბები

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმის ჩვენების საწინააღმდეგო აქციაზე 11 პირი დააკავეს

გეი თემატიკაზე გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პირველ დღეს, რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა თერთმეტი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვან კანონის მოთხოვნები. შსს სამართალდრღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდერღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ 8 ნოემბრის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმის ჩვენებისას „ამირანთან“ მიმდინარე აქციის მონაწილეები, სამართალდამცველებთან დაპირისპირების პარალელურად, აგრესიულობით იმ მოქალაქეების მიმართაც გამოირჩეოდნენ, რომლებიც ფილმის სანახავად მივიდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილე თავს დაესხა რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით ბერძენიშვილს, რომელიც კინოთეატრთან ფილმის სანახავად მისულთა მიმართ სოლიდარობის მიზნით მივიდა. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ანა სუბელიანს კი, თავში მძიმე საგანი ესროლეს.

ამ უკანასკნელი შემთხვევის გამო, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-მ თქვა, რომ სამართალდამცველებმა სუბელიანზე თავდამსხმელი ერთი პირი უკვე დააკავა და რომ საგამოძიებო ღონისძიებები კვლავაც მიმდინარეობს.

დღევანდელ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებებზე ორგანიზატორებმა, რადიკალური ჯგუფების ლიდერებმა, სანდრო ბრეგაძემ და ლევან ვასაძემაც ისაუბრეს.

„ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, მთელმა მსოფლიომ ნახა თუ როგორ მოხდა სპეცრაზმით [ფილმის] ჩვენება. მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. გაგრძელდება ყოველგვარი ძალადობის გარეშე“, – თქვა სანდრო ბრეგაძემ. 

სანდრო ბრეგაძე, „ქართული მარშის“ ლიდერი, 2014-2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ამ თანამდებობამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. თავისი პოლიტიკური კარიერის საწყის ეტაპზე იგი „საქართველოს დემოკრატიული კავშირის“ წევრი იყო. ბრეგაძე ასლან აბაშიძის ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ სიით საქართველოს პარტლამენტის წევრადაც მსახურობდა.

აქციის მიზანი ლევან ვასაძისთვისაც მიღწეულია. „ჩემი ღირსება დავიცავი, როგორც შემეძლო“, უთხრა რუსული ევრაზიული მოძრაობის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან დაახლოებულმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს და გულისტკივილით აღნიშნა, რომ სამშობლოს გადარჩენისა და ტრადიციების შენარჩუნების საპირწონედ, მან ცინიზმის მეტი ვერაფერი მიიღო.

ფილმის პრემიერის პირველი დღე ამ წუთებში მეორე სეანსით გრძელდება. მედიის ცნობებით, დაახლოებით საღამოს ათის ნახევრისათვის, პირველი სეანსის დამსწრე მაყურებლების კინოთეატრ „ამირანიდან“ გამოსვლისას ვითარება კვლავაც დაიძაბა.  

ლევან აკინის ფილმის ჩვენება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ფილმის ჩვენების პარალელურად, პროტესტის გაგრძელებას რადიკალური ჯგუფებიც გეგმავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button