Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საქართველოს დიპლომატიური მისია რომში ჩავიდა

საქართველო, 1919 წლის 9 ნოემბერი, N246

საქართველოს დელეგაცია რომში

„გრაფ სფორცამ მიიღო საქართველოს მისია თბილისიდან პირდაპირ რომში ჩამოსული.

მისიაში შედის თავმჯდომარე კონსტანტინე საბახტარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი ამხანაგი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი აბხაზი, მრეწველი ბატონი ნიკოლოზ ჯაყელი საქართველოს რესპუბლიკის ოფიციოზის „ბორბას“ რედაქტორი ბატონი ვლადიმერ ვოიტინსკი. მდივანი ქალბატონი ემა ვოიტისნკისა და ლეიტენანტი აბხაზი.

როგორც ვიცით მისიას დავალებული აქვს იტალიისა და საქართველოს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის განმტკიცება, რომლის შესახებაც მუშაობდა იტალიის წარმომადგენელი საქართველოში პოლკოვნიკი ბატონი გაბბა.

იტალიის საზოგადოებრივი წრეები სიხარულით და პატივისცემით მიესალმებიან კავკასიის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ახალ სტუმრებს, რომელნიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციიდან მოელიან თავიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღიარებას“.

„ჟურნალ დ’იტალიის“ რედაქტორის ინტერვიუ ბატონ საბახტარაშვილთან

ბატონ საბახტარაშვილთან ინტერვიუ ჰქონია გაზეთ „ჟურნალ დ’იტალია“-ს. რომელსაც მისიის თავმჯდომარემ განუცხადა შემდეგი.

„მისია, – რომლის მეთაურადაც მე ვითვლები – უპირველესად ყოველისა საჭიროდ სთვლის გადმოგცეთ საქართველოს მთავრობის თქვენდამი კეთილ მეგობრული განწყობილება და გულრწფელი სალამი; მისიას მიზნად აქვს დასახული ჩვენს შორის უმთავრესად მჭიდრო ეკონომიური კავშირის შექმნა და განმტკიცება. ევროპიდან ჩვენ უნდა მივიღოთ საშუალება ჩვენს რესპუბლიკაში დაგროვილი დიდი ბუნებრივი სიმდიდრის ექპლოატაციის. ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებული იმედები გვაქვს იტალიისა, რომელსაც ჩვენის მხრით შეგვიძლია მივაწოდოთ საჭირო საქონელი მაგ. ქვანახშირის, რკინა-სპილენძი, თითბერი, სხვა და სხვა კიშის ხე-ტყე, მატყლი, ტყავი, თუთუნი და სხვ. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ იტალიის მართველ წრეებთან დაგვანახა, რომ იტალია განსაკუთრებით საჭიროებს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს. მისიის უმთავრესი  მოვალეობაც იმაში მდგომარებოს, რომ გამოიკვლიოს, და შეიმუშაოს ფორმა იტალიისა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირისა.

ჩვენ ამას ვამბობთ არა მარტო საქონლის გაცვლა-გამოცვლის შესახებ არამედ ჩვენ შორის ნაოსნობის განვითარებისა და იტალიური კაპიტალით ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის შესახებაც.

სომხეთ-აზერბაიჯანთან დამოკიდებულების შესახებ მისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთთან საქართველოს აქვს დავა საზღვრების საკითხში, მაგრამ ასეთი საკითხები ჩვენ იმედი გვაქვს მშვიდობიანის გზით გადაიჭრებაო. ჩვენ მშვიდობიანობისა და შრომის მოყვარენი ვართ და ჩვენი სურვილია მხოლოდ საშუალება მოგვეცეს კეთილი გრძნობების გამოსააშკარავებლად. ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და ღრმად დარწმუნებულნი ვართ, პარიზის სამშვიდობო კონფერენცია იცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ინტერვიუ გადაბეჭდეს იტალიის გაზეთებმა: „პერსევაიონცამა“ და „სოლემ“.

მსგავსი/Related

Back to top button