ახალი ამბები

საქართველოსა და ნიდერლანდების პრემიერები სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 4 ნოემბერს ნიდერლანდებს ესტუმრა, სადაც ჰააგაში მის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა რუტემ გახარიას ნიდერლანდებში ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა, ვინაიდან „ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია ნიდერლანდებში“. „თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყვავის როგორც არასდროს და ეს განსაკუთრებით ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ნიდერლანდები საქართველოს „ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი“ და „ქვეყნის მეორე უმსხვილესი ინვესტორია“, რაც იმის ნიშანია, რომ „ჩვენ გვჯერა თქვენი ქვეყნის მომავლის და ეს ნდობა გამყარებულია იმ მაკროეკონომიკური სტაბილურობით, ეკონომიკური ზრდით და რეფორმებით, რომელსაც საქართველომ მიაღწია“. „შესაძლებლობები ჩნდება იქ, სადაც ნდობა და სტაბილურობა არსებობს“, – დასძინა მან.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ნიდერლანდებთან 2018 წელს 251.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 46.3 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 40.1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 205.4 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 155.2 მლნ აშშ დოლარი) იყო.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ნიდერლანდებისთვის „მეტია, ვიდრე მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი“ და რომ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აქვთ, მათ შორის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. „ბოლო წლების გულმოდგინე მუშაობის წყალობით, საქართველო გახდა მაგალითი დანარჩენი რეგიონისთვის და ამიტომაც – მთავარი პარტრნიორი ნიდერლანდებისა და ევროკავშირისთვის“, – განაცხადა რუტემ.

მან იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს „საერთო ინტერესები და გამოწვევები“ აქვთ უსაფრთხოების კუთხითაც. „ჩვენი რეგიონების უსაფრთხოება, სტაბილურობა და აყვავება ურთიერთდამოკიდებულია“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ ნიდერლანდები „აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას და წარმატებულ ურთიერთობას“.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ნიდერლანდების მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. გახარიას თქმით, შეხვედრაზე ორმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით ქვეყნის პროგრესზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს სტუმრობდა. 15 ოქტომბერს იგი სომხეთს, 31 ოქტომბერს კი – თურქეთს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, გახარია ბრიუსელს ეწვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button