Placeholder canvas
ახალი ამბები

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლება და ოპოზიცია აფასებს

საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება. ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებით. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“.

გია ვოლსკი – ქართული ოცნება:„ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური, ვინ არის თავის გამონათქვამებში, თუნდაც, ქმედებებში, დესტრუქციული და ვინ უჭერს მხარს. დესტაბილიზაციაზე მე ვლაპარაკობდი ყოველთვის, რომ ეს არის სურვილი ჩვენი ერთი კონკრეტული ოპონენტების ჯგუფის“.

ოპოზიციის შეფასება

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებული მოვლენებს და ვინც რა უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სწორედ მან გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ეკლესია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა და მართავს შუღლით და ამის ფონზე, ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ნამდვილი გმირები, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რწმენა დასუსტდეს“. 

რომან გოცირიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „სამწუხაროდ, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩანს რუსული კვალი. საპატრიარქოში არის სერიოზული კრიზისი, რომელიც აღრმავებს ქვეყანაში ზოგადად კრიზისს. ამ კრიზისიდან არის საჭირო დროული გამოსვლა. ამ გამოსვლის სამოქალაქო გზა არის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, ხოლო საპატრიარქოში აღმოჩნდებიან ადამიანები, რათა დაიწყოს ამ სტრუქტურის რეფორმა და იგი დაადგება ჭეშმარიტ, პატრიოტულ გზას და ჩამოიცილებს რუსულ ზეგავლენას“. 

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „სამწუხაროდ, მათ  [ეკლესიამ] ვერ დააღწიეს თავი რუსეთის გავლენას და რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი  სერიოზული წარმომადგენლები არიან ჩვენს ქვეყანაში მათი დიდი ნაწილი. ეს არის შემაშფოთებელი ჩვენთვის და ჩვენს საზოგადოებაზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს“. 

ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი:„ეს არის ბინძური ცილისწამება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში ჩანერგა აგენტურა. აი, ბატონი პეტრე ცაავა ასეთი აგენტია იმიტომ, რომ შიგნიდან აეფეთქებინა პროცესი მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნებოდა. სინოდმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გამოიტანა“.

ზურაბ ჯაფარიძე – პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“: „კონტექსტი არის ასეთი, რომ პატრიარქი არის ასაკში, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, რაც ხდება საპატრიარქოში, ძალიან ბანალური ამბავია. არის ჩვეულებრივი ბრძოლა საპატრიარქო ტახტისთვის. ან, იმ შემთხვევაში თუ ეკლესია გაიყოფა, ეკლესიის ხელში არსებული, ერთის მხრივ, ქონების ხელში ჩაგდებისთვის, მეორე მხრივ, პოლიტიკური ძალაუფლების განაწილებისთვის, რაღაც ნაწილის ხელში ჩაგდებისთვის. მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ამიტომაც ხდება ერთმანეთზე ტალახის სროლა“. 

მამუკა ხაზარაძე – მოძრაობა – „ლელო“:  „სამწუხაროა, რომ ამ ყველა პროცესში იგრძნობა ბიძინა ივანიშვილის ხელი. ეს არის მისი სტილი, რომ შეიტანოს არეულობა, დააკნინოს ინსტიტუტები, დააკნინოს ამა თუ იმ სფეროს ლიდერები, სფეროები, რამეთუ სწორედ მანდ ნახულობს იგი თავის ასპარეზს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეკლესია უნდა იყოს აბსოლუტურად ცალკე, მის საკითხებში არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო, ისევე როგორც პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს ეკლესია. პრაქტიკულად, მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება და ძალიან ბევრ სამოქალაქო ინსტიტუციაში ეს მიტაცება დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის წარმატებით. ბუნებრივია, ეკლესიას ვერ მიიტაცებდა და შესაბამისად, [იმ] სამწუხარო მდგომარეობაში, რომელიც შეიქმნა, მე საკმაოდ სერიოზულ ხელს ვხედავ დღევანდელი ხელისუფლების“. 

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია:„მეუფე პეტრეს სურდა თავისი გავლენების გაძლიერება ქართულ ეკლესიაში და სავარაუდოდ, სამომავლოდ პატრიარქობაზე. ეს ნამდვილად დანაშაული არ არის. გააჩნია, რა ფორმებით მოისურვებ ამის მიღწევას. ბიძინა ივანიშვილის სურვილია არა მარტო ყველაფერი მიითვისოს, არამედ გააღატაკოს საზოგადოება, წაართვას სახელმწიფოებრიობა, მოუსპოს ავტორიტეტები. ის ვერ იტანს ავტორიტეტულ ეკლესიას, ავტორიტეტულ პატრიარქს, ამიტომ მოისურვა, რომ ისიც წაბილწოს და წაშალოს და ამისთვის გამოიყენებს მეუფე პეტრესაც, იაკობსაც“.

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა: „ეს არის აბსოლუტური კატასტროფა. ეს არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნის, ერის წინააღმდეგ, ჩვენი სულიერების წინააღმდეგ. ეს არ არის დარტყმა მიმართული კონკრეტული, მხოლოდ ერთი ინსტიტუტის ან ერთი პიროვნების წინააღმდეგ, ეს არის თითოეული ჩვენგანის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და პრაქტიკულად ერის დასამარების მცდელობა. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვია ხელისუფლების ხელის ფათურმა საპატრიარქოში“. 

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „ქართული მართმადიდებელი ეკლესია არის ძალიან ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალი ვერ იქნება ერთი მღვდელმთავრის მოკვეთა თუ გადაყენება. ახლა, რაც ხდება საქართველოში, ეს ყველაზე უფრო სასურველია ჩვენი მთავარი მტრისთვის. დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მორიგი ლახვარი ეცემა და ვის აწყობს ეს და ვის ინტერესებშია ეს, კარგად უნდა გავიაზროთ“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button