ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმართა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პატიმართა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან „საინტერესო მოსაზრებები“ მოისმინა, რომლებიც მისთვის „სრულიად მისაღებია“ და მათ შეწყალების ახალი წესის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტის რედაქტირებისას გაითვალისწინებენ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა „პოზიტიურად“ შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემაც და განმარტა, რომ მათ პრეზიდენტს ის „კრიტერიუმები და მოსაზრებები“ მიაწოდეს, რომლებზე დაყრდნობითაც მომავალში შეწყალება უნდა მოხდეს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყალება „საგამონაკლისო“ ხასიათის უნდა იყოს და რომ „პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისათვის მსჯავრდებულები“ შეწყალებულები არ უნდა იყვნენ.

„გადაწყვეტილების მიღების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი, ასევე – სოციალური რისკი. უნდა იყოს გათვალისწინებული, ხომ არ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ – ბავშვის, ქალის წინააღმდეგ“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, შეწყალებისას „მხედველობაში უნდა იქნას მიღებული“, ხომ არ არის კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლება საზოგადოებისთვის „რისკის შემცველი“ და „ხომ არ ჩაიდენს [იგი] თავიდან დანაშაულს“.

„ჩვენი პოზიციაა, რომ არ ხდებოდეს ძებნილი პირის შეწყალება და ამ მხრივ, იმ ადამიანებს, ვინც წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და სასჯელს იხდის ციხეში, არ გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა და არ დაემსგავსოს პროცედურა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას“, – განმარტა თეა წულუკიანმა და იქვე დასძინა, რომ „პატიმრებს და პრობაციონერ მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი განჭვრეტადობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება სამომავლოდ პროცედურები“.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პროცედურის ახალი კრიტერიუმებისა და წესების ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 2019 წლის აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულისათვის მის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს საზოგადოების, ასევე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა.

ზურაბიშვილისადმი კრიტიკის პირველი ტალღა მის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებას მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა სიაში 18 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულიც მოხვდა, რომელსაც, 2018 წლის მარტში გამოტანილი განაჩენით, ციხეში 6 წელი და 9 თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.

კრიტიკის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებდა და ახალი კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს პარლამენტს მიმართავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button