Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის წარდგენილი ელჩი საქართველოში პრიორიტეტებზე საუბრობს

კელი დეგნანმა, აშშ-ის წარდგენილმა ელჩმა საქართველოში, 29 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის განხილვისას განაცხადა, რომ დაეხმარება „საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მტკიცე, წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში, საზოგადოების, რომელიც აფასებს თავის მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობას და რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნებლური ქმედებებისა და ჩინეთის მზარდი გავლენისგან მომდინარე ზეწოლას გაუძლოს“.

სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

თავისი გამოსვლის დასაწყისში კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოს კონტექსტი ნაცნობია, ვინაიდან ის მეზობელ თურქეთში მსახურობდა, როდესაც რუსული არმია 2008 წელს საქართველოში შეიჭრა.

„ერთი წლის შემდეგ მე ნატოს შტაბბინაში ვიყავი, სადაც საქართველო იყო და არის ღირებული პარტნიორი“, – განაცხადა დეგნანმა და ხაზი გაუსვა, რომ გასული წლის სამიტზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიცემული დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

„ნატოში ჩემი სამწლიანი მოღვაწეობის დროს, ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა საქართველოს მზადყოფნა იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომლებიც მისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად იყო საჭირო“, – განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ საქართველოს ერთგულება აშკარაა, რადგანაც ქვეყანა ერთ-ერთი უმსხვილესი კონტინგენტი ჰყავს განთავსებული ავღანეთში, სადაც მისი 32 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 290 კი – დაიჭრა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო კვლავ იქაა [ავღანეთში] ჩვენთან ერთად, სადაც თითქმის 900 სამხედროა განთავსებული ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

დეგნანმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მრჩევლის პოსტზე, მან დაინახა „საქართველოს, როგორც უნარიანი, ერთგული პარტნიორის, ღირებულება, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის და ნატოს ყოფნას შავ ზღვაზე“. „ჩვენი ცნობილი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო გეოსტრატეგიულ რეგიონში მთავარი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს“, – დასძინა მან.

დეგნანმა პირობა დადო, რომ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირსა და დასავლეთში ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს ახორციელებს. იმავდროულად, მან აღნიშნა, რომ „ჩვენი ერთობლივი სამუშაო მიმართულია იქითკენ, რომ გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობა, რათა მან შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, აყვავებული, ერთიანი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში“.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ „ნატოს, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“. მისი თქმით, „საქართველომ იცის, თუ როგორია [ეს] მოლოდინები“ და რომ მან „პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ასევე ბევრს მუშაობს პოლიტიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“.

აშშ-ის წარდგენილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ვინაიდან მოკავშირეები იცავენ 2008 წელს მიცემულ პირობას, რომ საქართველოს საბოლოო წევრობა შესთავაზონ, „მაგრამ საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ის ძალიან მაღალი სტანდარტები, სამხედრო-პოლიტიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომლებიც ნატოს სიძლიერისთვის აუცილებელია“.

ერთგულება კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართ „უმნიშვნელოვანესია“

დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა, „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი ამ მიღწევების შენარჩუნების და გაფართოებისთვის“.

მისი თქმით, საჭიროა საქართველოში „პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მრავალფეროვანი მედიის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა“. „შემდგომი ერთგულება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია“, – დასძინა მან.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ მითვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს ყველა შესაბამის აქტორთან მუშაობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების ჩატარება ქვეყანაში.

რუსული ოკუპაცია

„შესაძლოა მისი მიღწევების გამო, საქართველო კვლავ ხდება რუსეთის მადესტაბილიზებელი და დესტრუქციული ქმედებების სამიზნე“, – განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

დაგმო რა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და რუსეთის მიერ გამყოფი ხაზის „ბორდერიზაციისკენ“ მიმართული ძალისხმევა, დეგნანმა განაცხადა, რომ „გამოსავალი ამ კონფლიქტიდან, რომელიც რუსული აგრესიის შედეგია, არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმინატარული მისიების შეშვება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება“.

დეგნანმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რომ „დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მტკიცე, წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში, საზოგადოების, რომელიც აფასებს თავის მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობას და რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნებლური ქმედებებისა და ჩინეთის მზარდი გავლენისგან მომდინარე ზეწოლას გაუძლოს“.

სენატორ მიტ რომნის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უფრო ცალსახა გახდეს, დეგნანმა უპასუხა, რომ „ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა, ასევე ძლიერი მზადყოფნა მხარი დავუჭიროთ საქათველოს, როდესაც ის ინსტიტუტების გასაძლიერებლად საჭირო რეფორმებს ახორციელებს, ევროკავშირსა და დასავლეთში ინტეგრაციის მის მიერ არჩეულ გზაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button