ევროპა

ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროპულ ამბიციებს ცხვირი აუბზუა

15 ოქტომბერს „ევროპული რენესანსისა“ და ლიბერალიზმის მებაირახტრე ემანუელ მაკრონმა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრების მოლაპარაკებები დაბლოკა. არადა, ევროკავშირი სკოპიეს ჰპირდებოდა, რომ საბერძნეთთან სახელის გამო არსებული ოცწლიანი დავის მოგვარების შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიას გზას გაუხსნიდა გაწევრების მოლაპარაკებებისაკენ.

ევროპული ერთიანობისა და სოლიდარობის ქადაგად დავარდნილ მაკრონს ევროკავშირის გაფართოების ამბავში დე-გოლისეული პოლიტიკის სული შეუჩნდა. საფრანგეთი განსაკუთრებით ალბანეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მაკრონმა ალბანეთს ჩრდილოეთი მაკედონიაც მიაყოლა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელისათვის უარის თქმის გამო პარიზის მიმართ კრიტიკა აქამდე არ წყდება.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის სურვილი 2004 წელს გამოთქვა და 2005 წლიდან მასში გაწევრების კანდიდატიც გახდა. თუმცა აქამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირულ ოცნებებს წლების განმავლობაში კარს მყარად საბერძნეთი ურაზავდა. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ქვეყნის სახელით „მაკედონია“ დამკვიდრებას საბერძნეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა, ემანდ ახლადგამოჩეკილმა ქვეყანამ ჩვენს მიწებზე არ განაცხადოს პრეტენზიაო.

საქმე ისაა, რომ არსებობს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მაკედონია, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს, ალბანეთის მცირე ტერიტორიას, სერბეთი-კოსოვოს პატარა ნაწილსა და ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილს მოიცავს.

ევროპელმა დიპლომატებმაც თქვენ თვითონ მორიგდითო და ურთიერთქიშპობის მორიგი ბალკანური კინკლაობის მოგვარება ბერძენ და ჩრდ. მაკედონიელ ლიდერებს მიანდეს.

თუმცა, 2017 წლის გაზაფხულმა სკოპიე-ათენის და შესაბამისად, სკოპიე-ბრიუსელის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. ზორან ზაევის მეთაურობით სკოპიეში ახლადმოსულმა მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციურმა მთავრობამ, რომელმაც გრუევსკის კონსერვატიულ-ნაციონალისტური მთავრობა ჩაანაცვლა, გადაწყვიტა საბერძნეთისათვის დაეყვავებინა, შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა მასთან და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის იმედით, ქვეყნის სახელი შეეცვალა.

2018 წლის ივნისში საბერძნეთის მაშინდელმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა და ზორან ზაევმა ე.წ. პრესპას შეთანხმება გააფორმეს და „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“ ჩრდილოეთი მაკედონია დაარქვეს.

სახელის გადარქმევის მაკედონიის ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ყოფილი მმართველი ნაციონალისტური პარტია და მისი მხარდამჭერები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. თუმცა, ზაევის მთავრობამ მტკივნეული ცვლილების გატანა პარლამენტში რის ვაი-ვაგლახით მაინც მოახერხა.

ამის შემდეგ, საბერძნეთმა მწვანე შუქი აუნთო ჩრდილოეთ მაკედონიის წევრობას ევროკავშირსა და ნატოში. თითქოს, წინ აღარაფერი უნდა დადგომოდა მაკედონიის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას. თუმცა, ჩრდ. მაკედონია ბჭობდა და მაკრონი იცინოდა.

მაინც რა უნდოდა მაკრონს?

საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების არსებული პროცედურები დიდად გულზე არ ეხატება. ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ჯერ გაფართოების წესები უნდა დახვეწოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ფრანგმა ლიდერმა გაწევრების მსურველ ქვეყნებში რეფორმების საჭიროებაზეც ისაუბრა და ყურადღება მიაპყრო ეკონომიკური პოლიტიკის, ადამანის უფლებების დაცვის, კორუფციისა თუ კანონის უზენაესობის საკითხებს ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

მაკრონის თქმით, სამეზობლოსთან ევროკავშირის ურთიერთობა მხოლოდ ამ უკანასკნელის ახალი წევრებით გაფართოებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. პარიზში ამბობენ, რომ ევროპულ კავშირში ახალი სახელმწიფოების მიღებას ამჟამინდელ წევრთა შორის კიდევ უფრო დაახლოება აჯობებს.

ამასთან, „ფაინენშლ თაიმსი“ (Financial Times) ირწმუნება, რომ საფრანგეთს მთავარი პრობლემა ალბანეთთან ჰქონდა. პარიზს სურს ტირანამ ალბანელთა ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის კუთხით გაერთიანებასთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს. ბევრი ალბანელი სწორედ საფრანგეთს მიაშურებს ხოლმე თავშესაფრის მოთხოვნით. გამოცემის თქმით, პარიზს არ სურდა მხოლოდ მუსლიმური უმრავლესობის მქონე ალბანეთისათვის დაებლოკა ევროკავშირის წევრობის გზა, რასაც საფრანგეთის ისლამოფობიურობაში დადანაშაულება მოჰყვებოდა, ამიტომაც მან ალბანეთს ჩრდილოეთ მაკედონიაც მიაყოლაო. პარიზი ტირანას კორუფციისა და ორგანიზებული კრიმინალის ამბავშიც საყვედურობს.

თუმცა, დაკვირვებული ხალხი იმასაც ამბობს, რომ მაკრონმა ამ „პოლიტიკური ვანდალიზმით“ კოჭი შინაურ ელექტორატს გაუგორა, რომელსაც აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა დიდად გულზე სულაც არ ეხატება.

გამოხმაურება ფრანგულ ვეტოზე

მაკრონის მიერ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისათვის ნათქვამი ცივი უარი ბევრმა გააკრიტიკა, განსაკუთრებით ევროკავშირში, სადაც თუ საფრანგეთს არ ჩავთვლით, სკოპიესთან მოლაპარაკებების დაწყებას თითქმის ყველა ქვეყანა ემხრობოდა.

ფრანგული უარით იმედგაცრუებული დარჩა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც სკოპიეს ევროკავშირში ინტეგრაციას გულმხურვალედ უჭერს მხარს. ჩრდილოეთ მაკედონიამ ბევრი რამე გააკეთა საამისოდო, თქვა მან.

ნიკოლა დიმიტროვმა, ჩრდილოეთ მაკედონიის გარეშე საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ რეგიონისადმი ევროკავშირს მეტი პირდაპირობა მართებს. დიმიტროვმა თქვა, თუკი ევროკავშირი ერთსულოვანი არაა დასავლეთ ბალკანეთის ევროპულ მომავალზე, გვითხარითო.

დონალდ ტუსკმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მაკედონიელებსა და ალბანელებს მიმართა, მეგობრებო, არ დანებდეთ, თქვენ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ, ეს ჩვენ ვერ ვივარგეთო. ტუსკის თქმით, ეჭვიც არ ეპარება, რომ ერთ დღესაც ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრები გახდებიან.

იოჰანეს ჰანმა, წარმავალი ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისარმა განაცხადა, პასუხისმგებლობა მთლიანად ევროკავშირს ეკისრება და არა წევრობის მოსურნე სახელმწიფოებსო. ჰანმა დაამატა, რომ აღნიშული უარი ევროკავშირისადმი ნდობის საქმეს აზარალებს, არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ მის მიღმაც.

საბერძნეთის ყოფილმა პრემიერმა, პარტია სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა თქვა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ევროკავშირში ჩრდ. მაკედონიას გაწევრების მოლაპარაკებები არ წამოიწყოს, ევროპული პროექტის დამარცხებისა და სისუსტის გზავნილიაო.

ამბავს შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა ტვიტერზე დაიჭიკჭიკა, რომ აშშ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მან აშშ-ს სახელით ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

ევროკავშირის მხრიდან უარის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმა ზორან ზაევმა ქვეყანას ვადამდელი არჩევნების შესახებ ამცნო. ზაევმა, რომელიც თანამოქალაქეებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში ახალ არჩევნებს ჰპირდებოდა, სიტყვა შეასრულა.

სტევო პენდაროვსკიმ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა პარტიების ლიდერები კვირას არჩევნების ახალი თარიღის განსასაზღვრად თავისთან მიიპატიჟა. დაადგინეს, ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართოს.

ბევრი ამბობს, დიდი შანსია აპრილში კვლავაც კონსერვატიულმა ძალებმა, ყოფილმა მმართველმა პარტიამ „მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთობისათვის“ (VMRO-DPMNE) გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში, არაა გამორიცხული VMRO-DPMNE-მ ქვეყანას კვლავაც შეუცვალოს სახელი და ისევ „მაკედონია“ დაარქვას. ამას ისევ საბერძნეთის ვეტო და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი ვადით გადადება მოჰყვება.

შეჯამების მაგიერ

ევროკავშირის გაფართოების მომხრეები ამბობენ, რომ ფრანგულმა ვეტომ ბალკანეთში ევროკავშირის რეპუტაცია შეარყია. მაკრონის გადაწყვეტილებამ ბევრს აფიქრებინა, რომ ევროკავშირიც არაპროგნოზირებადი და არათანმიმდევრული შეიძლება იყოს. ბევრს არც მაკრონის ნარცისიზმნარევი ქედმაღლობა ესიამოვნა, მით უფრო ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის განცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტს თვეები ვთხოვდით შეხვედრას, თუმცა აინუნშიაც არ გვაგდებდაო.

ამ დროს, ევროკავშირი ავტორიტარულ ტენდენციებში შემჩნეული ვუჩიჩის სერბეთსა და მონტენეგროს გაწევრებაზე უკვე ელაპარაკება. ამ ფონზე, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება ტირანასთან და სკოპიესთან, რომლებიც დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და კორუფციასთან ბრძოლით შესაძლოა არ ბრწყინავენ, თუმცა დიდად არც ბელგრადს ჩამოუვარდებიან.

მით უფრო ცუდად გამოჩნდა ფრანგული გადაწყვეტილება იმ ვითარებაში, როდესაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა დადო მოლაპარაკებების დასაწყებად. პარადოქსია, თუმცა ფრანგული გადაწყვეტილებაც ერთგვარად იმ პრობლემის ნაწილია, რომლის აღმოფხვრის საბაბით ფრანგებმა სკოპიესა და ტირანას უარი სტკიცეს.

აგონ მელიქიმ, პოლიტიკის ანალიტოკოსმა პრიშტინადან, განაცხადა, ეტყობა არც მაკრონმა და არც ბევრმა ევროპაში არ იცის, რა საშინელებები ხდება ბალკანეთშიო. ცალკე განსჯას იმსახურებს ის ამბავიც, როგორ გამოიყენებენ მორიგ ბალკანურ დრამას და კინკლაობას რუსეთი, თურქეთი თუ ჩინეთი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, რომელიც რის ვაი-ვაგლახით შეკოწიწებულ მთავრობას უდგას სათავეში, თქვა, ტირანასთან და სკოპიესთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხს ნოემბერში დავაყენებთო. ჩვენც დაველოდოთ.

მომზადებულია Financial Times-ზე, BBC-ზე, Politico-ზე, AP-ზე, Euractiv-ზე, Euobserver-ზე, Balkaninsight-ზე, ევრონიუსსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button