Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ციმბირისა და მანჯურიის ქართული დიასპორა მხარდაჭერას უცხადებს რესპუბლიკის მთავრობას

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ოქტომბერი, N238

ციმბირში მყოფ ქართველების დადგენილება

საქართველოს მთავრობად გადაეცა შემდეგი ამონაწერი ციმბირის, შორეულ აღმოსავლეთის და მანჯურიის ქართველთა დელეგატების პირველ კონფერენციის მეშვიდე სხდომის ოქმიდან:

9 აპრილს 1919 წელს შემდგარმა, ციმბირის, შორეულ აღმოსავლეთის და მანჯურიის ქართველთა დელეგატების პირველ ყრილობის პლენალურმა სხდომამ მოისმინა ადმინისტრატიულ-უფლებრივ სექციის დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე პროფირის ძე ლომიძის მოხსენების შესახებ: „საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა“, და მიიღო შემდეგი დადგენილებანი:

  1. წმინდის გულით და სიხარულით ვესალმებით მშობლიურ ქართველ ერს. რომელიც თავგანწირულათ იცავს თავის, დემოკრატიულ საფუძველზე აგებულ, თავისუფალ სახელმწიფოებრივ წესწყობილებას.
  2. მივესალმებით საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაც თავს უდვიათ მძიმე და საპასუხისმგებლო ბრძოლა თავის ერის უფლებების დასაცავათ.
  3. მივესალმებით საქართველოს წარმომადგენლებს საზავო კონფერენციაზე და სავსებით უჭერთ მათ მხარს ყველა მოქმედებაში, რომელიც ქართველ ერის თავისუფლათ გამოთქმულ სურვილებს ეთანხმებიან; თანვე ვაცხადებთ სურვილს, რომ კავკასიის მომავალი პოლიტიკური ცხოვრება აგებული იყოს კავკასიის თავისუფალ  ერის თავისუფალ კავშირზე.
  4. სავსებით ვექვემდებარებით საქართველოს დამფუძნებელ კრების ყველა დადგენილებებს.
  5. მზათ ვართ ყოველივე ვუმსხვერპლოთ ქართველი ერის კეთილდღეობას, რა წამს ამას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკანური მთავრობა.

თავმჯდომარე ივლიანე ხაინდრავა

ქ. ხარბინი 8 მაისის 1919 წელი

მსგავსი/Related

Back to top button