ახალი ამბები

სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

სამხრეთ კორეის 30-წევრიანი დელეგაცია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მუნ ჰი-სანგის ხელმძღვანელობით 17-19 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

დღეს მუნ ჰი-სანგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ და მუნ ჰი-სანგმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები „ვითარდება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით“.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სპიკერმა გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით საქართველო კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ „კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით“.

გახარიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნ ჰი-სანგმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეელები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ჩამოსვლით და რომ ტურისტების რაოდენობა ამ ქვეყნიდან გაიზრდება.

გუშინ, სამხრეთ კორეის პარლამენტის თავმჯდომარე თავის ქართველ კოლეგას, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ორი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდის თაობაზე.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო და სამხრეთ კორეა „იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენ ვართ ბუნებრივი პარტნიორები და მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა“.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ „პირველი დისკუსია საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან თაობაზე“ ჰქონდათ.

„მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორთან ჩვენ შევძლებთ ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, მუნ ჰი-სანგი დღესვე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. საქართველოში ვიზიტამდე იგი, კვირის დასაწყისში, სერბეთს და აზერბაიჯანს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button