რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მოქალაქეები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

გაზ. საქართველო, 1919 წლის 16 ოქტომბერი, N223

სვეტი ცხოვლობა

ხალხმა მცხეთისკენ 13 ღვინობისთვეს საღამოთვე იწყო დენა. მცხეთის შარაზედ გამწკივრებული ურმებს, მიყავდათ მცხეთას აურაცხელი მლოცველობა სურსათ სანოვაგით.

მწუხრი.

მწუხრის შემდეგ რომელიც იქმნა შესრულებული ადგილობრივ სამღვდელოების მიერ ტაძრის გალავანში გაიმართა ღამის თევა.

ვრცელ ეზოში ენთო ცეცხლები, რომლის გარშემო მღეროდნენ და ცეკვავდნენ ხოლთ შეთქმულები კი ტაძარს მუხლის ჩოქვით უვლიდნენ. აღსანიშნავია ერთი: ღამის თევაზე შეყრილიყვნენ უმეტესად არაგველები. ანთებულ ცეცხლთა მათი სიმღერა იყო განსხვავებული, ძველი ქართული ლიდიური, ქედრონის ბინდებით.

ცნობილია, რომ მეფე როსტომმა მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოიტანა საქართველოში სპარსული ზნენი და მუსიკა. სპარსულ მუხამბაზებმა აიღეს საქართველო და ქართული მუსიკა შეეფერა არაგვის მთებს.

გაზვიადებული შავი სილუეტი ტაძრისა და მწუხარე ყორეები სანთლებით ჰქმნიდნენ დაუსრულებელ ფანტასტიკას.

მცველთა გუგუნი შუაღამემდის არ შეწყვეტილა.

მისი უწმიდესობა კათოლიკოსი ლეონიდე მცხეთაში.

დილის 9 საათისათვის, თბილისიდან მცხეთამდი საგანგებო მატარებლით მობრძანდა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოსი ლეონიდე, საკათალიკოსო საბჭოს და თბილისის სამღვდელოების თანხლებით. სადგურზე მის უწმინდესობას დიდი ძალი ხალხი შეეგება.

დილის 10 ნახ. საათზედ დაიწყო საზეიმო წირვა, რომელიც 12 საათამდის გრძელდებოდა.

წირვის დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ შემდეგის სიტყვით მიმართა მლოცველთ:

„მცხეთობა! სვეტიცხოვლობა! რა წმინდა და სამღთო გრძნობებს უღვიძებს ქართველს ეს სიტყვები! რა საამო და ნაცნობი სურათები გვეფინება თვალ წინ მათ გაგონებაზე!…

სვეტი ცხოვლობა – ეს ის დღეა, მთელი ქართველი ქალიდან კაცამდე რომ ფეხზე დგება, სადღესასწაულოთ იმოსება და საღმრთო განცდებით სახე გაბრწყინებული რომ სიამოვნებით მცხეთისკენ მიეშურება აქ, გადაჩარდახებული ურმით, იქ ცხენით, სხვაგან მატარებლით, ეტლით ან ფეხით, დატვირთული თავისთვის საჭირო საგზლით, ხატისთვის შესაწირავ ზედაშე – სეფისკვერით, გლახა-დავრდომილთათვის გასაკითხი ულუფით და საქვეყნო საქმეებზე გასაცემი ხვედრი წვლილით.

მცხეთობა ეს დღეა, თვითეული მორწმუნე ქართლელის გულში რომ თავის თავად იბადება მშობელ ერთან გაერთიანება-შექსოვის ძლიერი წყურვილი, მძლავრი სურვილი საკუთარი გულისა ჩაგონების ჩაღრმავებისა მშობლიო ერის ზრახვათა და გულისთქმათა საერთო ემბაზში, მხურვალე წადილი კერძო პირებთა და ერის შორის იმ ურთიერთობის შექმნისა, რომლის თვალსაჩინო მაგალითს იძლევიან მტკვარი და არაგვი სწორეთ მცხეთის მადლ მოსილ მიდამოებში.

სვეტიცხოვლის კალთებზე სალოცავ-საზეიმოთ თავმოყრილი ქართლის შვილებისათვის უძირო ქარქვეტს, რომ თითოეული მათგანი თავის სულიერი და ხორციელი არსებობის ფესვებით მკვიდრად არის ჩამჯდარ ჩანივთებული დედა სამშობლოს სხეულში, განუყოფელ-განუკვეთელი ნაკვთია იმ ერთეულისა, რომელსაც სახელად ქართველი ერი ეწოდება, რომ სვეტიცხოველისებური ტაძრებით ყველანი მაგრა ვართ მიკერებული შორეულ წინაპართა კალთებზე, სვეტი ცხოველით დიდსა და პატარასთვის გასაგები ხდება მამა-პაპათა გულისცემა, ჩვენდა მომართული მათი მშობლიური ძახილი, ის ანდერძი და მცნება მათი, რომელიც გზის მაშუქებელ ლამპრად უნდა გვეკავოს ყველას ხელში.

დღევანდელი სანახაობა სვეტიცხოვლის ეზოს სურათისა უდავოდ ხდის შორეულთა და მახლობელთათვის, რომ ქართლის მკვიდრთა ცხრა მეათედი ღრმა მორწმუნე და დიდი ღვთის მმოსავია. ამ ზღვა  ხალხის ენაზე უღვთოობა, უსჯულოება, და მოუნათლაობა იგივეა, რაც პირუტყვობა, ნადირობა, ველურობა, გონება-ზნეობის სიბნელე და უბადრუკობა.

აქ მოსულ ხალხის დიდი ნაწილი მოკლებულია ქართულ საისტორიო მწერლობასთან ნაცნობობას, მაგრამ სამაგიეროთ მათ მახვილ და საზღაპრო სიმტკიცის მეხსიერებაში დაცული არის ყველა ის ზეპირთქმულებანი და გარდმოცემანი, რომლებიც წერილობით საბუთზე ნაკლებად არ უშუქებენ მას სამშობლოს თავგადასავალს, ამ ტაძრის და მის მსგავს ძეგლების აშენების ისტორიას, მირონ მადინებელი სვეტის აღმართვის ამბავს და სხვა და სხ.

ამ ღვთის სადიდებლად შეკრებილი ერის შეურყვნელი რწმენის სვეტიცხოველი და მსგავსი ტაძრები  მამა პაპათა ანდერძის ის ცოცხალი, წიგნია, რომლის ფურცლებზედაც ყოველი ქართველი მკაფიოდ და თავისუფლად კითხულობს:

„ილოცე, იშრომე და ისწავლეო“.

ამ ხალხს ქრისტეს მოძღვრების მიღება შეთვისებისთვის სახელად უწოდებია მონათლვა, ნათლისღება, ე. ი. სიბნელიდან სინათლეში გამოსვლა, ბნელეთის მოშორება და ნათლის სფეროთი შემოსვა.

საუცხოვო, გენიოსური შეფასებაა ქრისტიანობის მნიშვნელობისა! დიაღაც რომ ქრისტიანობა კაცობრიობის მაცოცხლებელი მზეა. არასდროს და არსად მთელს დედამიწაზე არ ყოფილა მაგალითი, რომელიმე ერი დასდგომოდეს უღვთობის გზას, უარეყოს სჯული, ხელი აეღოს მამა-პაპათა სალოცავებზე, დანეგრიოს წმ. ტაძრები და თვითონაც ქვეშ არ მოჰყოლოდეს ამ ნანგრევებს, არ აღგვილიყოს დედამიწის პირიდან სარწმუნოების დაკარგვასთან ერთად, შემდეგ გაუსჯულებისა ხელიდან არ გამსოცლოდეს საკუთარი მიწა-წყალი. მოგახსენებთ  ვერავინ ძე ხორციელთაგან ამის გასაბათილებელ საბუთს ვერ მოსძებნის კაცობრიობის ძველსა და ახალ ისტორიაში და რა საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სარწმუნოების დაკარგვა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის არ იქნება საბედისწერო, უღვთოობა ქართველებს არ მოგვსპობს, არ აღგვის ქვეყნიერებიდან და არ მოგვიღებს ბოლოს?!

სრულებით არავითარი საბუთი!

ჩვენდა საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ, ისევ ვილოცოთ, ვიშრომოთ და ვისწავლოთ გაორკეცეული გულმოდგინებით თანახმად მამაპაპათა უკვდავი ანდერძისა, ნურაფერს, გულისათვის ნუ დაივიწყებთ სვეტიცხოვლობას, ნუ გავაცივებთ ნურსად წინაპართა სალოცავებს, ვიმოქმედოთ ქალმა და კაცმა ცხოვრებაში ღვთისადმი ურყევი ერთგულება-სიყვარულით და გვწამდეს, რომ ამ გზით სიარული გაამეფებს ჩვენს ცხოვრებაში ქრისტიანულ ძმობა-ერთობას, მოგვცემს ეროვნულ სრულს შეგნებას და სათაყვანო სამშობლოს მოუპოვებს ერთა შორის სათანადო პატივისცემას. ამინ.

[…….]…

საზეიმო სადილზედ.

ნაშუადღევს 1 საათზედ უწმინდესობა და საპატიო სტუმრები, მოწვეული იქმნენ საზეიმო სადილზედ. რომელსაც ესწრებოდნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები, უცხოელი სტუმრები, ქალაქი მოურავი ბატონი ბენია ჩხიკვიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და სხვანი.

თამადათ არჩეული იქნა დედაქალაქის მოურავი ბატონი ჩხიკვიშვილი, რომელმაც თავის პირველ სიტყვაში აღნიშნა ქართული ეკლესიის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში და ის ეკლესიური სარწმუნოებრივი გრძნობები რომელიც ღრმად არის ჩანერგული დღესაც ქართულ ერში.

მან სხვათაშორის სთქვა, რომ როდესაც უცხოელებმა გაიგეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები სვეტი ცხოველის დღესასწაულზე წამოსვლას აპირებდნენ, გაკვირვება გამოსთქვეს, რადგან ამ პარტიის მიმდევრები ევროპაში სასტიქათ ებრძვიან ეკლესიასო, მაგრამ ჩვენო – განაცხადა ბატონმა ჩხიკვიშვილმა, პატივს ვცემთ იმ წმინდა გრძნობებს, რომლითაც გამსჭვალულია ქართველი ერიო:

საერთო ვაშამ დაჰფარა თამადის ლამაზი და მოხდენილი სიტყვა.

პართენ გოთუამ მიირთვა მის უწმინდესობის სადღეგრძელო, შალვა ქარუმიძემ საქართველოს მთავრობის. საერთო ვაშას ძახილით მერმედ იქმნა სადილზედ დამსწრე ამერიკელ სტუმართა სადღეგრძელო წარმოთქმული.

ილაპარაკეს აგრეთვე დუტუ მეგრელმა, მიხეილ მაჩაბელმა და სხვებმა.

ყველა სიტყვებს ინგლისურად სთარგმნიდა სიონის ტაძრის კანდელაკი დეკანოზი კაპანაძე, რომელმაც აგრეთვე შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა მცხეთის ტაძრის რესტავრაციისათვის.

სადილის დასასრულს, ნაშადღევის 5 საათზედ მისმა უწმიდესობამ კათალიკოსმა ლეონიდემ მიირთვა თამადის, ბ-ნ ბ. ჩხიკვიშვილის სადღეგრძელო და მადლობა გადაუხადა მას.

ის ის იყო სტუმრები იშლებოდნენ რომ მობრძანდა ბატონი ხოშტარია მეუღლითურთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი პარმენ ჭიჭინაძე, დამფუძნებელი კრების წევრი დ. თოფურიძე, ელჩი დავით ღამბაშიძე და ინგლისის წარმომადგენელი საფინანსო საქმეებში გენ. ნიუკომი და პოლკ. სტომსი.

გაიშალა მეორე ტრაპეზი, რომელზედაც მობრძანდა კათალიკოსი და თავისი ლოცვა-კურთხევა უბოძა სტუმრებს.

თამადათ არჩეულ იქმნა დავით ღამბაშიძე და მხიარულება გვიან ღამემდის გაგრძელდა.

ბ-ნ აკაკი ხოშტარიას უხვი შეწირულება.

ბ. აკაკი ხოშტარიამ სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს საკათალიკოსოს შესწირა 75 ათასი მანეთი და ამდენივე ქალაქ თბილისის სასარგებლოდ.

მსგავსი/Related

Back to top button