რესპუბლიკის ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების ნოტა პარიზის საზავო კონფერენციას

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 14 ოქტომბერი, N231

პარიზი, 24 ივლისის, 1919 წ.

პარიზის საზავო კონფერენციის თავმჯდომარეს ბ. კლემანსოს.

ბატონო თავმჯდომარე!

როდესაც საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკები დასდგენ ეგრეთ წოდებულ მოხალისეთა ჯარის შემოსევის საფრთხის წინაშე, მათ საჭიროთ დაინახეს 16 ივნისს დაედოთ ერთმანეთთან ხელშეკრულება (თავდაცვის), რომელშიაც მონაწილეობის მიღების შესახებ მიმართეს სომხეთსაც.

გაახლებთ რა ამასთანავე ხელშეკრულების პირს, ჩვენ გთხოვთ აღნიშნოთ სოლიდარობა ამიერ-კავკასიის ერთა შორის, რომლის ცხადი დამამტკიცებელია 16 ივნისის ხელშეკრულება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელშეკრულება, რომელსაც საფუძვლად უდევს მხოლოდ თავდაცვა, არ იქნება განხილული როგორც სამხედრო გამოსვლის აქტი.

ამიერ-კავკასიას, რომელსაც მფარველობენ მოკავშირენი, აშორდება თავდასხმა, მოკავშირეთა სახელმწიფოების დენიკინის მოქმედებებისადმი თვალყურის დევნების წყალობით.

მეორე მხრივ საჭიროა ხაზგასმით აღინიშნოს განსაკუთრებით ხელშეკრულების §4 რომლითაც ხელშეკრულების მხარეები სწყვეტენ ტერიტორიალურ საკითხს საერთო შეთანხმებით ან და არბიტრაჟის საშუალებით.

ამ გვარათ შეიქმნა სოლიდარობის ბაზა ორ მეზობელ ერის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის ტერიტორიის განსასაზღვრათ.

გთხოვთ ზემონათქვამი გადასცეთ მოკავშირეთა სახელმწიფოს უმაღლეს საბჭოს.

დასასრულს ვსარგებლობთ შემთხვევით და გიმოწმებთ თქვენ, ბ. თავმჯდომარე, ჩვენ პატივისცემას.

საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე ჩხეიძე

აზერბაიჯანის დელეგაციის თავჯდომარე ტობჩიბაშევი

მსგავსი/Related

Back to top button