ევროპამათი თვალით

რა უბიძგებს ევროპას რუსეთისკენ?

ულრიხ შპეკი

ულრიხ შპეკი

ულრიხ შპეკი გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარია

ჟურნალ “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერემი კლიფი (Jeremy Cliffe) წერს, რომ ატლანტიკური ოკეანის ნაპირებს შორის უთანხმოება, ჩინეთის აღზევება და ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ევროპასა და რუსეთს დაახლოებისაკენ უბიძგებს.

ჩემი აზრით, ამგვარი ანალიზი ჭკუასთან ახლოა. თუმცა, შესაძლოა, ევროპას რუსეთთან დაახლოებისაკენ უფრო მარტივი ინსტინქტები უბიძგებს, ვიდრე გეოპოლიტიკური თამაშებია.

რუსეთი, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო, მსოფლიო წესრიგის გადასინჯვას ლამობს და ამისათვის საკუთარ სამეზობლოსა და ახლო აღმოსავლეთზე მეტწილად სამხედრო და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გაბატონებას. ამგვარ სახელმწიფოსთან მკაცრი ტონით საუბარი ევროპაში პოპულარული არასოდეს ყოფილა.

ანგელა მერკელისა და ბარაქ ობამას თაოსნობით რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ევროპაში გულზე ბევრს არ ეხატებოდა. მდინარე რაინის აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთ სახელმწიფოს რუსეთის ეშინია და მასთან კონფრონტაციას მოსკოვის დაშოშმინება ურჩევნია. რაინის დასავლეთით მდებარე სახელმწიფოთა დიდ ნაწილს რუსეთის ქცევა დიდი სახელმწიფოსათვის სრულიად ნორმალურად მიაჩნია, უკრაინაზე კი დიდად არ იტკივებენ თავს.

სანამ რუსეთი უკრაინაში თავგასულად მოქმედებდა, მისი მხარდაჭერა ევროპული ქვეყნების მხრიდან უხერხული იყო. მერკელ-ობამას ალიანსიც მყარად იდგა და, ამდენად, კრემლთან მტკიცედ საუბრის მომხრეთა ბანაკი (რომელშიც ცენტრალური ევროპის ბევრი სახელმწიფოა) იმარჯვებდა. მოჭოჭმანენი განზე ჩასწიეს: ისინი დაადუმეს, მაგრამ ვერ დაარწმუნეს კი.

დღეს ვითარება შეცვლილია. ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება ორაზროვანია: პრეზიდენტი რუსეთისადმი ზედმეტად დამთმობად გამოიყურება, კონგრესი კი ზედმეტად ხისტად. ზოგადად, ევროპაში ვაშინგტონის არასტაბილურობის განცდა იქმნება. კანცლერ მერკელის გავლენა სუსტდება: მისი მანდატი იწურება, თანაც რუსეთისათვის სტრატეგიული გაზსადენის, Nord Strem 2-ის მშენებლობისათვის მხარდაჭერამ რუსეთის თემაზე მის ლიდერობას წყალი შეუყენა. ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან დაახლოებას ესწრაფვის.

რუსეთი ევროპაში თავის მრავალ მოკავშირესთან აქტიურად ურთიერთობს, დანარჩენებს კი ზოგს დეზინფორმაციით, ზოგს მოქრთამვით, ზოგიერთს კი დაშინებით უმკლავდება. კრემლმა ევროპის მკაცრი პოლიტიკის შესარბილებლად ბეჯითად იშრომა და გრძნობს, რომ უახლოეს ხანებში შესაძლოა გარღვევას მიაღწიოს.

ბუნებრივია, ევროპელ პოლიტიკოსებზე გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც ახდენს გავლენას: რუსულ-ჩინური ბლოკის შიში მათგან მხოლოდ ერთია. მეორეა განცდა, რომ აშშ-ს ევროპული სცენიდან დისტანცირების შემდეგ, ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას მხოლოდ არა-ატომური სტატუსით თუ მიაღწევს, რასაც მეგობრული, არა-აგრესიული რუსეთი დასჭირდება.

რას უნდა მოველოდეთ უახლოეს ხანებში? თუკი რუსეთთან დაახლოების ტენდენცია გაძლიერდა, ის ბუნებრივად გადააწყდება რუსეთისადმი ხისტად განწყობილი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობას, რომელთათვისაც რუსეთის შეკავება სიკვდილ-სიცოცლის საგანია. შედეგად, სავარაუდოდ, ევროკავშირში ამ ორ ბანაკს შორის შეტაკებას მივიღებთ, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილებების ბლოკირებას გამოიწვევს. ამგვარი შედეგი აშკარას გახდის, რომ ევროპას რუსეთთან ერთიანი და მწყობრი პოლიტიკის გატარება არ შეუძლია. ამგვარი ვითარება რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და მის გავლენას ევროპაში კიდევ უფრო გააძლიერებს, ევროპას კი გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დააძაბუნებს.

დასკვნის სახით: თუკი რუსეთის მიმართ პოლიტიკა ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთგაგებაზე არაა დაფუძნებული, ის ვერც ძლიერი იქნება და ვერც ეფექტური. თუკი აშშ ალთასაა, ევროპა კი ბალთას, მათ ქმედებას ერთიანობა და სიმტკიცე აკლია, რუსეთს ევროპის დასასუსტებლად თავის არსენალში არსებულ ბერკეტთა მრავალფეროვანი წყების გამოყენების ახალ შესაძლებლობები ექმნება.

პირველწყარო
Twitter Thread

მსგავსი/Related

Back to top button