Placeholder canvas
ახალი ამბები

სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამარლომ 20-21 ივნისის  მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი ლევან ჯიქური, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმე იყო, გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

8 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, რომელზეც 20-21 ივნისის აქციის 4 დაკავებული მონაწილის საქმე განიხილებოდა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000 გირაოთი შეუცვალა. სასამართლომ ჯიქურს გირაოს გადახდისთვის 45 დღიანი ვადა მისცა.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ლევან ჯიქურმა მედიასთან საუბარში განმარტა, რომ იგი ჯგუფურ ძალადობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მსგავს მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, მან ამავე საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესებზე გაიცნო.

მანვე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს და პარალელურად პრობლემები დაეწყო ფილტვებზეც. მისივე განმარტებით, მან იმისთვის, რომ გათავისუფლებისთვის მიეღწია 50 დღე იშიმშილა.

„მე იქ [აქციაზე] მივედი იმის გამო, რომ იქ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და დასახმარებლად მივედი, ჩემს მეუღლესთან ერთად, და ბოლოს, უკვე სროლა რომ ატყდა, შეკავების მიზნით გამოვიყენე [პოლიციელის კუთვნილი] ფარი, რომ ეს პიროვნება შემეკავებინა, რომ აღარ ესროლა ხალხისთვის“, – განმარტა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიასთან კომენტარი მისმა ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ ბრალდებული მხოლოდ იმას აღიარებს, რომ მან პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია. მისივე თქმით, მომდევნო პროცესზე ლევან ჯიქურის საქმე ცალკე გამოიყოფა, იმიტომ, რომ „ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული“. „გვაქვს ასევე მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც“, – დასძინა მანვე.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბრალდებულების ახლობლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და 20-21 დაკავებულების მიმართ სოლიდარობა მდუმარედ გამოხატეს.

ლევან ჯიქურის გათავისუფლებას წინ 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უძღოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. ამ ბრალდებით, ჯამში სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული და ამ დროისთვის სამივე მათგანი თავისუფალია.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში სულ 19 პირია მიცემული. მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია. მათგან ნიკა მელია და აქციის ორი მონაწილე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. 16 მათგანი კი, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

20-21 ივნისის აქციის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button