ახალი ამბები

UNESCO-მ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა.

ოფიციალური საზეიმო ღონისძიებები, რომელთა მიზანიც კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნებზე წვდომის ზრდაა, ოფიციალურად 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყება.

UNESCO-ს განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციის ძლიერი ინსტრუმენტის, გამოყენებაზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ UNESCO-ს გადაწყვეტილება „უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ერისთვის“.

„ეს არის თბილისის როგორც განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქის აღიარება და დაფასება“, – აღნიშნა თბილისი მერმა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს. თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე შეირჩა, რომელიც შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში შეიკრიბა.

საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიან გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია, ბიბლიოთეკების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია და UNESCO.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button