ახალი ამბები

გიორგი გახარიამ და ერიკ ჰოგმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა 7 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს გახარიამ და ჰოგმა აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის „სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს“.

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. იგი მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როგორც „ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში“.

ერიკ ჰოგმა დაწერა Twitter-ის გვერდზე, რომ შეხვედრაზე მხარეებმა „სტაბილურობის და უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები“ განიხილეს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ორივე საოკუპაციო ხაზზე, „კერძოდ, ჩორჩანა/წნელისის მიდამოებში“.

ჰოგმა დღევანდელ შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა და განაცხადა, რომ მიესალმება გახარიას „ძლიერ მხარდაჭერას“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ეფექტური თანამშრომლობის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button