Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი 4 ოქტომბრიდან იწყებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელიც მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში წარუდგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი „საკმაოდ დაბალანსებულია“ და რომ მასში ასახულია „სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან“.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია მთავრობამ 30 სექტემბერს, მინისტრთა კაბინეტის რიგგარე სხდომაზე გამართა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14.04 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.18 მლრდ ლარით აღემატება.

საგადასახადო შემოსავლების სახით, მთავრობა 10.32 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, გრანტების სახით მისაღები შემოსავალი – 200 მლნ ლარით, სხვა შემოსავლები კი, 515 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობა, პრივატიზების შედეგად, 120 მლნ ლარის მიღებას ვარაუდობს. გარდა ამისა, შემოსულობების ნაწილში, საშინაო ვალდებულებების სახით – 900 მლნ ლარის, საგარეო კრედიტების სახით კი – 1.85 მლრდ ლარის მოზიდვა იგეგმება.

მომავალი წლის ბიუჯეტში, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრება, რაც 2019 წლის მონაცემებს 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინფლაციის მაჩვენებელი კი 3 %-ს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებები ჯამში 14.21 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც 2019 წელთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით მეტია. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების, ასევე ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.

სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 378.6 მლნ ლარით იზრდება და 4.35 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.6%-ს შეადგენს). აქედან 2.23 მლრდ ლარი პენსიებზე მიმართება. ამასთან, მთავრობა გეგმავს 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის პენსიის 20 ლარით გაზრდას, 1 ივლისიდან კი, დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ პენსია 70 წლის და უფროს პენსიონერებს.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2.07 მლრდ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 132.4 მლნ ლარით იზრდება და  1.64 მლრდ ლარს შეადგენს.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წელს 353 მლნ ლარს მიიღებს, რაც წინა წელთან შედარებით 14.1 მლნ ლარით მეტია.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი დაფინანსება 5.55 მლნ ლარით მცირდება და 364 მლნ ლარით განისაზღვრება.
  • ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 2 მლნ ლარით იზრდება და 93 მლნ ლარს შეადგენს.
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 22 მლნ ლარით იზრდება და 203 მლნ ლარს მიაღწევს.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 159 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 22.5 მლნ ლარით აღემატება.
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 5 მლნ ლარით იზრდება და 880 მლნ ლარს შეადგენს. პროექტში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასების ზრდა იგეგმება.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 770 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 28.4 მლნ ლარით აჭარბებს. ამასთან, მთავრობა 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელთა ხელფასების გაზრდას საშუალოდ 125 ლარით აპირებს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137.5 მლნ ლარი, რაც 2019 წელთან შედარებით 1.5 მლნ ლარით მეტია. ისევე როგორც შსს-ს შემთხვევაში, სუს-ის თანამშრომლებისთვისაც 2020 წლის 1 ივლისიდან ხელფასების გაზრდა საშუალოდ 125 ლარით იგეგმება.

2019 წელთან შედარებით, 1.6 მლნ ლარით იზრდება სახალხო დამცველის დაფინანსება, რომელიც 8 მლნ ლარს შეადგენს. თანხები გათვალისწინებულია ომბუდსმენის ოფისის მშენებლობის დაწყებისათვის.

5.2 მლნ ლარით მეტს მიიღებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლისთვისაც სულ 8 მლნ ლარია გამოყოფილი. ზრდა უკავშირდება 2019 წლიდან ინსპექტორის სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას, რაც ამ უწყების მიერ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას გულისხმობს.

2019 წელთან შედარებით, უცვლელი – 64.7 მლნ ლარი დარჩა პარლამენტის დაფინანასება. ასევე უცვლელი დარჩა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაც, რომელიც 6 მლნ ლარს შეადგენს.

0.3 მლნ ლარით მცირდება მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხები, რომელიც 16.5 მლნ ლარით განისაზღვრება. 10 მლნ ლარით მცირდება მთავრობის სარეზერვო ფონდიც, რომელიც 2020 წელს 40 მლნ ლარს შეადგენს.

ისევე როგორც 2019 წელს, 2020 წელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ბიუჯეტიდან 4.1 მლნ ლარს მიიღებს. უზენაესი სასამართლოსთვის კი 2019 წელთან შედებით 2.5 მლნ მეტია გამოყოფილი და მისი დაფინანსება 12 მლნ ლარს მიაღწევს. 5.25 მლნ ლარით იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანასება, რომელიც კი 83 მლნ ლარით განისაზღვრება.

მომავალ წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიუჯეტიდან 72.6 მლნ ლარს მიიღებს, აქედან თითქმის 43 მლნ ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას მოხმარდება.

4.6. მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რომელიც 2020 წელს 62.8 მლნ ლარს მიაღწევს.

წინა წლის მსგავსად, 2020 წლის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს საპატრიარქო.

მთავრობა თითქმის 1 მლრდ ლარს ვალების გასტუმრებაზე მიმართავს, აქედან 44 მლნ ლარი საშინაო ვალის დაფინანსებას მოხმარდება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის განხილვას 4 ოქტომბრიდან საპარლამენტო კომიტეტები შეუდგებიან. 10 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტზე საპარლამენტო ფრაქციები იმსჯელებენ. 18 ოქტომბერს კი, შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, რის შემდეგაც პარლამენტმა მთავრობას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები უნდა წარუდგინოს.

მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს წარადგენს, რომელიც პლენარული სხდომების რეჟიმში განიხილება. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button