Placeholder canvas
ინტერვიუმოსაზრებაპარტნიორებისგან

„რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველო თავის კოლონიად ექცია“ – ინტერვიუ დევიდ სატერთან

დევიდ სატერი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში. რუსეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის მიერ მიღწეულ მცირე გამარჯვებებს სატერი უმნიშვნელოდ მიიჩნევს. სატერი ამბობს, რომ ეს დიდი ცვლილების დასაწყისი ვერ იქნება და რომ რეალური საფრთხე რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის უკრაინის რევოლუციის მსგავსი მოვლენებია. „რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორადაც ჩანს, რადგან მისი სტაბილურობა პროპაგანდასა და ფართოდ გავრცელებულ კორუფციაზეა დაფუძნებული“, – ამბობს იგი. სატერი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთიდან გამოაძევეს. პუტინის რეჟიმის აქტიურ კრიტიკოსს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ესაუბრა.

ეკა მაღალდაძე: რატომ იყო რუსეთის მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანი? როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივ არჩევნებში წარმატებამ დიდი ცვლილებების დაწყება წაახალისოს?

დევიდ სატერი: ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდად არაფერს შეცვლის. არსებულ სისტემას შეუძლია დაუშვას ზოგიერთი ტიპის დროებითი დამარცხება, რადგანაც სისტემა ამას წინასწარ ანგარიშობს ხოლმე. ეს ხალხს განცდას უქმნის, თითქოს რაღაცას მართლაც აღწევს, რომ რაღაც მართლა იცვლება. მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ მცირე გამარჯვებები, სრულად მართული სისტემის კონტექსტში, თავისუფლების იდეას დიდად ნამდვილად ვერ აწინაურებს.

ხალხი პატარა გამარჯვებებისთვის ბრძოლაში იღლება. ამას არა უშავს, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან არსებობს „დასაშვები“ პოლიტიკური აქტივობის სივრცე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას მთავრობაზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია.

წინა, მერის არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ ალექსეი ნავალნიმ, მედიაზე წვდომის არქონის მიუხედავად საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო. გამოიღო ამან შედეგი ან იყო ცვლილებები? – არა. გამოიწვევს თუ არა ეს ახლაც რაიმე ცვლილებას? ძნელი სათქმელია, შესაძლოა, მცირე, უმნიშვნელო საკითხებზე შესაძლებელი იყოს გავლენის მოხდენა. თუმცა, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ მცირე საკითხებში, დიდი სურათის ნაწილი უფრო და უფრო იკარგება. ის ფაქტი, რომ მთავრობა კანონს მიღმაა და არანაირი განზრახვა არა აქვს დათმოს ძალაუფლება, აი ესაა ნამდვილი პრობლემა.

უცხოური პრესის ნაწილი ამას პუტინის მიერ შიდა ომის წაგებას უწოდებდა. როგორ ფიქრობთ, კარგავს იგი მართლაც რამეს? და თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უმნიშვნელოა, მაშ რა არის ის, რაც რეჟიმს ამარცხებს?

რეალური საფრთხე ამ რეჟიმისთვის რამე ისეთი იქნებოდა, რაც უკრაინაში მოხდა – ანუ თუ ხალხი დაკარგავს იმის რწმენას, რომ რეჟიმს შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება და მათთან პატიოსნად მოქცევა. რუსეთში ეს სენტიმენტები არსებობს და საკმაოდ ფართოდ გავრცელებულიცაა.

პუტინი დღემდე იყენებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც 2000-იან წლებში ეკონომიკის გაუმჯობესებით მოიპოვა. ხალხი მზადაა, შეურიგდეს ამ უუფლებობას და კორუფციას, რადგან პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთში მატერიალური მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ვლადიმირ პუტინი ამოწურავს რუსეთის მოსახლეობის ამ კეთილგანწყობას. ეს მაშინ მოხდება, როცა ეკონომიკური მდგომარეობა მიაღწევს იმ ზღვარს, რომ ხალხს რეალურად გაუჭირდება. ეს კი მართლაც შეუქმნის ადამიანებს მოტივაციას, რომ გადადგან ნაბიჯი კორუფციის წინააღმდეგ; როცა უკანონობა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება აუტანელი, მოუთმენელი, რეალური [ცვლილებები] რუსეთში სწორედ ამ გარემოებების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

თქვენ რამდენიმე წლის წინ რუსეთში პერსონა ნონ-გრატად გამოგაცხადეს. მაშინვე ამბობდით, რომ რეჟიმი თავდაჯერებას კარგავს. ერთ-ერთ წიგნში რეჟიმის ზოგიერთ პერიოდს ახასიათებდით კიდეც როგორც „საფრთხეში მყოფ სისტემას“. რამდენად ძლიერია ვლადიმირ პუტინის პოზიციები ახლა? გრძნობს იგი ამ გამოწვევებს?

ეს ძალიან ძნელი სათქმელია, ყოველთვის. რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს, რადგან იქაური სტაბილურობა ყალბ პროპაგანდასა და კორუფციის გავრცელებაზეა დაფუძნებული. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდება ეს სიტუაცია? ეს გამოცანაა. რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის ის განწყობაა, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება მდგომარეობას გააუარესებს. ხალხს კი ეშინია არასტაბილურობისა და ცვლილებების, ეს ხელს უწყობდა რეჟიმის შენარჩუნებას და რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავაც ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, [კრემლს] დაეხმარა უკრაინაში შეჭრაც. [უკრაინაში შესვლა] ხალხის ნაციონალისტურ მისწრაფებებს პასუხობდა. ამან თავისი როლი შეასრულა. მაგრამ როცა ამ ყველაფრის გავლენა და ეფექტი გახუნდება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ სიტუაცია, როცა ხალხი მოითხოვს არა მხოლოდ მცირე ცვლილებებს მუნიციპალურ არჩევნებზე, არამედ რეალურ შესაძლებლობას, რომ აირჩიონ საკუთარი მმართველები, სასამართლოს ეფექტური სისტემა.

თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები ვიხილეთ. როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს რუსეთში პროტესტს მომავალი წარმატების იმედი?

2011-12 წლების რუსეთი მოწმეა პოსტ-საბჭოთა პერიოდში უდიდესი, მასობრივი დემონსტრაციებისა, კორუფციის, არჩევნების გაყალბებისა და უკანონობის წინააღმდეგ. არც ერთი მიმართულებით სიტუაცია არ შეცვლილა უკეთესობისაკენ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროტესტის გასატეხად. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხალხმა უბრალოდ დაკარგა რამის მიღწევის იმედი. შემდეგ კი იყო უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია, რამაც რეჟიმის ირგვლივ ბევრი ადამიანი გააერთიანა, მათ შორის, ზოგი ისეთიც, ვინც სხვა პირობებში შეიძლებოდა ოპოზიციაში ყოფილიყო.

ნაციონალიზმისა და გაფართოების სენტიმენტი ისაა, რაც რეჟიმს ყოველთვის აქვს [გადანახული] იარაღად თავის არსენალში. მათ ეს იარაღი გამოიყენეს უკრაინასთან დაკავშირებით და შედეგად, პუტინის პოპულარობა, რომელიც იკლებდა, ისევ გაიზარდა. ახლა ის ისევ იკლებს.

მაგრამ ეს მმართველებისთვის მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალი შეიძლება იყოს. ამ საგარეო თავგადასავლებით მათ შეუძლიათ მხარდაჭერა განსაზღვრული დროით მიიღონ, მაგრამ ის ძირეული საკითხები, რომლებითაც ხალხი უკმაყოფილოა, არ არის მოგვარებული, რაც კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს რეჟიმისათვის.

საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობას ზედმეტად რბილი პოზიციები აქვს მოსკოვის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რუსეთთან „კარგი ურთიერთობების“ დამყარების მცდელობა რამდენად მოუტანს საქართველოს დადებით შედეგებს?

საქართველოს მთავრობის მხრიდან „კარგი ურთიერთობა“ – იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული – მხოლოდ წააქეზებს რუსებს, რომლებიც იფიქრებენ, რომ თითქოს საკითხი მოგვარებულია და აღარაფერია განსახილველი. მათი მოწოდება კარგი ურთიერთობისა და დიალოგისკენ არის დაფუძნებული იდეაზე, რომ საქართველო უბრალოდ, მიიღებს იმას, რაც რუსეთმა გააკეთა – როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს, რაც ჩემია – ჩემია და რაც – შენია, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ.

ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან „კარგი ურთიერთობის“ დამყარების მცდელობა ქვეყანას რაიმე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს, არ მისცემს შესაძლებლობას შეცვალოს ის უსამართლობა, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ჰქვია.

როგორ ფიქრობთ, ჯერ კიდევ რატომ აყენებენ საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხს, თუ ვინ დაიწყო ომი? რამდენად საშიშია ის ამბავი, რომ მმართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენელი აკეთებს მსგავს განცხადებას?

ამას ვხედავთ ყველგან. რუსული დეზინფორმაციის მიზანი დაბნეულობის შექმნა და ადამიანებისთვის იმ ალტერნატიული არგუმენტების მიცემაა, რომელიც მათ სიმართლის წინააღმდეგ შეუძლიათ გამოიყენონ. ასეთი მიზანი რუსეთს განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში, ისეთ კომპლექსურ გარემოში, სადაც ერთ თემში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართული და ოსური ოჯახები. ძალიან ადვილია დააბნიო ხალხი, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ ყალბ ლოგიკას დამაჯერებლად მიიჩნევენ. ისინი დაიწყებენ ამ ყალბი ლოგიკის გამეორებას, მაგრამ [უნდა ვიცოდეთ, რომ] მთავარი მიზანი საპირისპირო მხარის დასუსტებაა, რომ მას საკუთარი თავისა და პრინციპების რწმენა არ ჰქონდეს. თავდაჯერებული არ იყოს. ესაა, რაც ხდება.

რამდენად სარისკოა მსგავსი განცხადებების მოსმენა მაღალი თანამდებობის პირებისაგან? შეიძლება ამან საქართველოს პოზიციები შეასუსტოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე?

არა, ვფიქრობ, რუსეთის ქცევა ძალიან ნათელია მაშინაც კი, როცა [საერთშორისო არენაზე] დეტალები არ იციან. თუმცა ამ [დეზინფორმაციას] შეუძლია საფრთხე შექმნას იმ თვალსაზრისით, რომ დაასუსტოს წინააღმდეგობის გაწევის, საპასუხო ზომების მიღების სურვილი. შეიძლება ამან შექმნას იმდენად დამაბნეველი სიტუაცია, რომ ხალხს [საერთაშორისო თანამეგობრობიდან] აღარ ენდომება გაწიოს ძალისხმევა [რუსეთისათვის] სანქციების ღონისძიებების მისაღებად. ემბარგო, სანქციები, თუ სხვა ზომები – ძვირი დება და უხერხულ, არაკომფორტულ სიტუაციას ქმნის. სანქცია-ემბარგოები ის არაა, რაც ჩვეულებრივ ხალხს სურს ხოლმე, თუმცა ესაა ის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება როგორმე რუსეთზე გავლენა მოახდინო, რათა მან საკუთარი ქცევა შეცვალოს.

რა მიზანი აქვს რუსეთს, როცა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ანახლებს? თქვენი აზრით, ეს შიშის დათესვის მცდელობაა? იქნებ ეს მცდელობაა რუსეთისაგან, საერთაშორისო არენაზე საქართველოსგან არშემდგარი სახელმწიფოსა და არასტაბილური ადგილის ხატი შექმნას?

ყველაფერი ის, რაც ახსენეთ, ამ სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, რის გაკეთებასაც რუსები ცდილობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მაგალითად, ქერჩის სრუტის დაბლოკვით, ემსახურება იმის ჩვენებას, თუ ვინაა აქ უფროსი, ვინ წყვეტს აქ საკითხებს. რუსეთისათვის ეს ძალიანაც ტრადიციული რამაა. მათ უნდათ, რომ საქართველომ, უკრაინამ და ქვეყნის შიდა ოპოზიციამაც გაიგონ, რომ მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) შეუძლიათ იყვნენ ლიბერალურები, დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღებნი. თუ მათ სურთ ტერიტორიის მიღება, მიიღებენ, თუ უნდათ, რომ საერთაშორისო წყლებში შესასვლელი დაკეტონ, გააკეთებენ ამას. და [მათი ლოგიკით] თუ ქვეყნები, რომლებზეც ამ ქმედებებით გავლენას ახდენენ, წინააღმდეგობას გაუწევენ, ცუდი ქვეყნები არიან, რადგან მათ ვერ გაიგეს, ვინაა აქ უფროსი. ეს მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ფორმაა.

ამას ვხედავთ რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებაშიც საკუთარი ოპოზიციის მიმართ. ერთ დღეს ისინი ხალხს განურჩევლად სცემენ, მომდევნო კვირას დემონსტრაციის გამართვის უფლებას აძლევენ, ზოგ ადამიანს უფლებას აძლევენ ოპოზიციურ საქმიანობაში ჩაერთოს, აძლევენ შეზღუდულ გამარჯვებას. მაგრამ ვინ იცის, რას გააკეთებენ ხვალ, იქნებ საერთოდაც ყველა დასაჯონ. მთავარი ისაა, რომ მეტოქე სულ გამოცნობის რეჟიმში უნდა იყოს – რას გააკეთებენ: გამოიყენებს [კრემლი] რეპრესიას თუ სირბილეს გამოიჩენს.

მეორე მხარეს ყოველთვის უნდა ესმოდეს, ვინაა მთავარი. ეს მიუღებელია ნორმალური ადამიანებისა და ქვეყნებისთვის და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არავისთვისაა ეს სიტუაცია სტაბილური, რუსული რეჟიმისთვისაც კი. რუსეთი ამ ტაქტიკის გამოყენებით არაპირდაპირ აღიარებს, რომ კანონის უზენაესობა, პატიოსანი თამაშის წესები, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში საერთაშორისო პრაქტიკების პატივისცემა, რეჟიმისათვის საფრთხის მომასწავებელია. კარგად ინფორმირებულ საზოგადოებას არ ენდომება ასეთი რეჟიმი.

რუსეთს შედეგზე ორიენტირებული მიზნებიცა აქვს. იგი დაინტერესებულია მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციით, კონფლიქტების შექმნითა და გამწვავებით, შემდეგ ამათთვის „გაყინული კონფლიქტების“ დარქმევით, რასაც ამ სახელმწიფოთა ომსა და მშვიდობას შორის ერთგვარი ჩატოვება მოსდევს. როგორ ფიქრობთ, არის დღეს მზად დასავლეთი, რომ რუსეთს ამ ქვეყანათა მძევლად დატოვების საშუალება აღარ ჰქონდეს?

ეს, რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი მიზანია.რუსეთს სურს, საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნები, არ იყვნენ დასავლური საზოგადოების წევრები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ორივე სახელმწიფო ძალზე კვალიფიციურები არიან ამ ალიანსების წევრობისათვის – ისინი ბევრი თვალსაზრისით ძალიან კარგი წევრები იქნებოდნენ დასავლური ალიანსების.

თუმცა, ესეც არასტაბილური სიტუაციაა, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს? იმ მომენტამდე, როდესაც რუსეთს ან აღარ შეეძლება ან აღარ ეცდება იმას, რომ მის საზღვრებზე სიტუაციების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ვფიქრობ, „გაყინული კონფლიქტებიც“ არაა განწირული სამუდამოდ გაგრძელების პერსპექტივისათვის. რუსეთსაც გარკვეული ძალისხმევა სჭირდებ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტები შეინარჩუნოს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთს რომ უფრო მკაცრი პასუხი მიეღო საქართველოში დატრიალებულ 2008 წლის მოვლენებზე, გაიმეორებდა იგი უკრაინაში მსგავს აგრესიას?

ვფიქრობ ნათელია, რომ მათ არ გადაუხდიათ 2008 წლის საფასური. ბარაკ ობამამ ამერიკის პრეზიდენტად არჩევისთანავე მისი პირველი ნაბიჯები რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკისკენ“ გადაიდგა. ამის მთელი ლოგიკა ის იდეა იყო, რომ ამერიკამ რაღაც არასწორად გააკეთა, რომ გადავტვირთვითა და თავიდან ურთიერთობების დაწყებით, შეგვეძლებოდა შევწყობოდით ერთმანეთს. ეს იყო ობამას პოლიტიკა, რომ მსოფლიოში ყველაფერი ჯორჯ ბუშისთვის უფრო დაებრალებინა, ვიდრე სხვადასხვა უცხო ქვეყნის ქცევისთვის.

ცხადია, ამ გარემოებებში რუსეთმა იგრძნო, რომ ბევრი არაფერი ჰქონდა დასაკარგი და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაც დაიწყო. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისთვის გამართლებული იქნებოდა, რადგან ყირიმის წართმევითა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრით რეჟიმის [პუტინის] რეიტინგი მაღლა წავიდა. ეს კი რუსეთის მოსახლეობის განწყობასაც გამოხატავდა.

და არსებობს კი მოსახლეობაში იმის განცდა, რომ რაც უკრაინაში რუსეთმა გააკეთა, ამისთვის ისჯებიან?

ვფიქრობ, უკრაინის შემთხვევაში არის ასეთი შეგრძნება, რადგან სანქციები დაწესდა და რუსული მედია საუბრობს ამაზე, ხალხმა იცის, რომ ეკონომიკა დაზარალდა, და ნამდვილად ხედავენ განსხვავებას რუბლის კურსის ცვლილებას დოლართან თუ ევროსთან მიმართებით. ამან ხალხის ცხოვრების ხარისხი შეცვალა.

შორეულ პერსპექტივაში კი იმ ტექნოლოგიებზე თუ შესაძლებლობაზე წვდომის შეფერხება, რომ შორეული ნავთობის საბადოები აითვისონ, ასევე შეუქმნის რუსულ ეკონომიკას სირთულეებს. ხალხმა შეიძლება ახლა ეს არ იცის, მაგრამ მომავალში ეცოდინება აუცილებლად.

როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინმა მოახერხა მსოფლიო წესრიგის ამოყირავება, როგორც იგი ამას 2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აანონსებდა?

მან გააკეთა რამდენიმე რამ, რამაც საფრთხე შეუქმნა მსოფლიო წესრიგს. სამხედრო აგრესიის გზით მან მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია, წაართვა მათ ტერიტორიები, ორგანიზებას უწევდა დასავლეთში პოლიტიკური ლტოლვილების მკვლელობას, ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი. ეს ნაბიჯები თავისთავად საკმარისად სერიოზულია. მაგრამ სრულიად ყირაზე დააყენა თუ არა მან მსოფლიო წესრიგი? არ ვფიქრობ, რომ ასეა. არ მგონია, რომ რუსეთს ამის საშუალება აქვს. თუმცა მან კრიმინალური აქტივობითა და აგრესიით, რა თქმა უნდა, გააკეთა რაღაცები, რომლებითაც მსოფლიო წესრიგს საფრთხე უქმნის. მაგრამ ამოაყირავა მსოფლიო წესრიგი მან? იმედია, რომ ჯერ – არა.

მაგრამ რას მიაღწია მან საქართველოსთან მიმართებით? სადაა ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები?

რუსეთმა საქართველო ნატოს გარეთ დააყოვნა. და ის ფაქტიც, რომ ახლა საქართველოში არის ხალხი, რომელიც პრორუსულ სენტიმენტებს გამოხატავს, რუსეთის შესაძლებლობების ტრიუმფია. მაგრამ გატეხეს თუ არა საქართველოს სული, აქციეს თუ არა ის თავის კოლონიად, სატელიტად? არა, ეს რუსებმა ვერ მოახერხეს. ახლა ქართველებსაც და უკრაინელებსაც აშკარა შეუძლიათ რუსული რეჟიმისა და მისი პოტენციალის გაგება.

თუმცა ვხედავთ პრორუსული ძალების გააქტიურებას საქართველოში. უკრაინის საპარლამენტო არჩევნებშიც პრორუსული პარტიის არც ისე მცირე წარმატება ვიხილეთ…

არა მხოლოდ დასავლეთი, ამ ქვეყნების მოსახლეობაც ხშირად იღლება კონფლიქტით, დაძაბულობით და ეძებს საკუთარ თავზე ამ წნეხის მოშვების შესაძლებლობას. ზოგჯერ ღირსების ფასადაც კი. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ქართველ ხალხს ესმის, რა არის რუსული რეჟიმი, ვგულისხმობთ, ხალხს მთლიანობაში და ეს არ ნიშნავს, რომ არ არიან კომპრომისის მაძიებლები.

არის ახლო მომავალში „უკეთესი რუსეთის“ იმედი? რუსეთი, რომელსაც აღარ შეუძლია, ან აღარ ენდომები ამ ყველაფრის გაგრძელება? ოლეგ სენცოვმა თქვა, რუსეთში ძალაუფლების ცვლილება გარდაუვალია, დრაკონებიც კი კვდებიანო. მეორე მხრივ კი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ვიცით, რომ მაგალითად, ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის პოზიციებიც არაა მაინცდამაინც ნაკლებ ამბიციური…

ძნელია იმის თქმა, რა არის გარდაუვალი და რა – არა. რა თქმა უნდა, რუსული საზოგადოებაც ასევე იცვლება. რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი. მას აქვს დიდი საშუალო კლასი. ქვეყანა მსოფლიოსთვის უფრო გახსნილია, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ და ძალები, რომლებიც თანამედროვე განათლებულ საზოგადოებებს დემოკრატიული პრაქტიკისკენ ამოძრავებენ, რუსეთზეც მოქმედებენ.

რუსეთში ცვლილებების შესაძლებლობისადმი არც ზედმეტად და არც საჭიროზე ნაკლებად ოპტიმისტურები არ უნდა ვიყოთ. ეს ბევრი გარემოების სწორ განლაგებასა და თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული. ეს ასევე დამოკიდებულია პოსტ-საბჭოთა პერიოდის შესახებ სიმართლის ცოდნაზეც. ხალხმა არ იცის ახლა, მაგრამ უნდა იცოდეს მწარე სიმართლე, მაგალითად, 1990-იანების ბოლოს საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შესახებ, უნდა იცოდეს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პუტინის ძალაუფლებაში მოსვლაზე, უნდა იცოდეს ბესლანზე, ნორდოსტზე, მალაიზიის ავიახაზების ჩამოგდებაზე, მოწინავე ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ფიგურების მკვლელობაზე. ესაა საიდუმლოებები და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმის შესახებ, როგორი ხელისუფლება ჰყავს მას.

[წარსულში] ჩვენ ვნახეთ ე.წ. „პერესტროიკა“. სტალინის დანაშაულების გამოვლენას უდიდესი ეფექტი ჰქონდა დემოკრატიზაციის პროცესზე და კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლების სურვილზე. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამ განმეორდეს.


მასალა სამოქალაქო საქართველოსთვის (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: Русский (რუსული)

Via
„ამერიკის ხმა“
პირველწყარო
დევიდ სატერი: „რუსეთი არასდროსაა ისეთი სტაბილური, როგორიც ჩანს“

მსგავსი/Related

Back to top button