Placeholder canvas
ახალი ამბები

გაეროში გამოსვლისას, ზურაბიშვილმა ოკუპაციასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენარალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა.

ასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს არაერთი დამპყრობელი ჰყავდა. თუმხა, საქართველო გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების რუკაზე“, – განაცხადა მან.

შემდეგ პრეზიდენტმა იმ ადამიანების „გაჭირვებაზე“ ისაუბრა, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, რომელიც „ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს. იმ ზოლზე, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. იმ ზოლზე, სადაც პერიოდულად ხდება საზღვრების გადმოწევა. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის ნორმალურ, მშვიდობიან ცხოვრებას“.

მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ჯანდაცვის და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ „მე ვლაპარაკობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ… იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულებია, ვერ უბრუნდებიან მამა-პაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს“.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებით პასუხობს. „შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არანაირი სამხედრო ძალა არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე, საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე“, – აღნიშნა მან.

„ნებისმიერი ფორმალური, თუ არაფორმალური ფორუმი და დიალოგი უნდა იქნას გამოყენებული საიმისოდ, რომ რუსეთი ჩაერთოს დისკუსიებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულებასთან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით (როგორც ეს იყო შეთანხმებული)“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა არსებული ფორმატების „პოლიტიკური განზომილების გაფართოება“, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი დისკუსიების გამართვა. „აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიქმნას ახალი ფორმატები“, – აღნიშნა მან.

აღნიშნა რა, რომ საქართველო თავისი სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საოკუპაციო ხაზზე დეესკალაციის მიღწევაა, რამაც კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს“. თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების არჩეულ გზას და „ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და ვერ გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად დასახული მიზნებიდან“.

წლევანელი ასამბლეა ნიუ იორკში 17-30 სექტემბერს იმართება. მისი ყოველწლიური გენერალური დებატები, რომელიც 24 სექტემბერს დაიწყო, საშუალებას აძლევს მსოფლიო ლიდერებს, რომ გაეროს შტაბბინაში შეიკრიბონ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელონ. ეს პირველი შემთხვევა იყო 2013 წლიდან, როდესაც ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ნაცვლად პრეზიდენტი გამოვიდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობას უთანხმოება ჰქონდა ზურაბიშვილის წინამორბედ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნიუ იორკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, მსოფლიო ლიდერებს შეხვდა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის ალექს აზარს და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

ზურაბიშვილმა თავის კოლეგებთანაც გამართა შეხვედრები გვატემალადან, ერაყიდან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან, ასევე შეხვდა ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს.

სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო ჯანმრთელობის შესახებ გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზეც გამოვიდა სიტყვით. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი გამოსვლა მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე; მოგვიანებით იგი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება და კოლუმბიის უნივერსიტეტში საჯარო ლექსიას წაიკითხავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button