ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 25 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 4 სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-იდან 7.0%-მდე გაზარდა. ბანკმა მაშინ განმარტა, რომ გადაწყვეტილება განპირობებული იყო ლარის „გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლით“, და ასევე აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი „მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება“.

კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა“. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ბანკის დღევანდელ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button