Placeholder canvas
ინტერვიუმოსაზრებაპარტნიორებისგან

„სამხედრო თვალსაზრისით საქართველო მზადაა ნატოსთვის“ – ინტერვიუ გენერალ ბრიდლავთან

„მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ სექტემბერში მოწყობილ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს ქართულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონფერენციას აშშ-ის საჰაერო ძალების ოთხი ვარსკვლავის მქონე ყოფილი გენერალი ფილიპ ბრიდლავიც ეწვია. გენერალი ბრიდლავი ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც გახლდათ. იგი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გულმხურვალე მხარდაჭერია. ამჟამად გენერალი ბრიდლავი „ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

წინამდებარე ინტერვიუ გენერალ ბრიდლავთან, რომელიც თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) კორესპონდენტმა ვაჟა თავბერიძემ ჩაწერა თბილისის კონფერენციის დღეებში. ამ ინტერვიუში გენერალი ბრიდლავი გვიყვება მიზეზებზე, რომელთა გამოც, იგი მიიჩნევს, რომ საქართველო მზადაა სამხედრო თვალსაზრისით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობისათვის.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ და „სამოქალაქო საქართველო“ (Civil Georgia) გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს.

დიდ მადლობას ვუხდით „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტს“ (Georgian Institute for Security Policy – GISP) ფილიპ ბრიდლავთან ინტერვიუს ჩატარებისათვის გაწეული დახმარებისათვის.

ვაჟა თავბერიძე: საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰვყავს. მინდა თავდაცვის ახალი მინისტრის პირველ განცხადებაზე გკითხოთ, რომელმაც ბევრი გააკვირვა. მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ყველა ტიპის იარაღი, ბირთვულის გარდა. თქვენი აზრით, რამდენად აქვს საქართველოს ამის შესაძლებლობა?

ფილიპ ბრიდლავი: მოდით, პოზიტიური კუთხით მივუდგეთ ამ საკითხს. ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ხშირად მიწევდა პატარა, მცირერიცხოვან ერებთან თანამშრომლობა. მათ ხშირად არა აქვთ ფუფუნება ჰქონდეთ ისეთი ეკონომიკა და ბიუჯეტი, როგორიც შესაძლებლობას მისცემდათ, დიდი ერების მსგავსი შეიარაღება ჰქონოდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვცდილობ სუვერენულ ქვეყანას ჭკუა ვასწავლო და ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არა – ამას არასოდეს ვიზამდი, მაგრამ თუ რჩევას მკითხავს ვინმე, ჩემი რჩევა ასეთი იქნებოდა: საქართველომ და ქართველმა ჯარისკაცებმა უკვე აჩვენეს, რომ გარკვეულ გამოწვევებს ბრწყინვალედ ართმევენ თავს. მე ვგულისხმობ, თქვენს ქვეით დანაყოფებს ავღანეთში, რომლებიც ამერიკელ კოლეგებს რომელიმე დავალების შესრულებისას არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ქართველები მამაცი და უნარიანი ჯარისკაცები არიან. ასე რომ, ვფიქრობ, მსგავსი ნიშის დაკავება საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან უკვე დაამტკიცეთ, რომ ამ საქმეს ძალიან კარგად ართმევთ თავს. გაზარდეთ თქვენი მექანიზებული ქვეითი დანაყოფების შესაძლებლობები… ვფიქრობ, ეს უკეთ იმუშავებდა, ვიდრე რამე გრანდიოზული გეგმა.  

თუმცა, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, დღეს ომებს ქვეითი ჯარისკაცი კი არა, მექანიკა იგებს. თუ საქართველოს მსგავს ქვეყანას ტექნიკური შესაძლებლობის დეფიციტი აქვს, რამდენად შეძლებს იგი ამ დეფიციტის ჯარისკაცების მხნეობითა და პროფესიონალიზმით ჩანაცვლებას?

ცხადია, ტექნიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რაც არაერთხელ მითქვამს ჩემი ქვეყნის საჰაერო ძალების შესახებ. სწორედ პილოტია ის გარდამტეხი ელემენტი, რისი წყალობითაც შეგიძლია მეტოქეებზე უპირატესობა მოიპოვო. აღჭურვილობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია წვრთნა, გამოცდილება, უნარები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი – აი რას ვუნერგავთ ჩვენს ჯარისკაცებს, პილოტებსა და  საზღვაო ქვეითებს. სწორედ ეს განასხვავებს ამერიკის ჯარებს სხვებისგან. თუ ორი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე სამხედრო თვითმფრინავი უპირისპირდება ერთმანეთს, ბრძოლას სწორედაც რომ უკეთესი პილოტი მოიგებს.   

და თუ საქართველოს მსგავსად, რუსეთთან გიწევს დაპირისპირება? როცა 300 სპარტანელის სცენარიც კი არ გამოდგება, მაშინ?

ამაში მართალი ხართ. აქ მოცულობაში განსხვავება ძალიან დიდია და სწორედ ესაა ყველაზე შემაშფოთებელი. ასე ვთქვათ, ერთი-ერთზე ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მე ავღანეთში ვნახე, არავის დაუდებენ ტოლს. მაგრამ აქ არა მარტო უნარებსა და სიმამაცეშია საქმე – აქ უკვე რაოდენობა თამაშობს გადამწყვეტ როლს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა საუკეთესო გამოსავალია საქართველოსთვის ამ გამოწვევის დასაძლევად. ჩვენ 29 ქვეყანა გვყავს ალიანსში და მათგან რამდენიმე პატარა ქვეყანაა, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კოლექტიურ თავდაცვაში. ასე რომ პატარა, მაგრამ ამაყი და ბრძოლისუნარიანი საქართველოსთვის მსგავსი სტრუქტურის ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ უკვე წლებია ნატოს თითქოსდა ღია კარის წინ ვდგავართ და შესვლას კი ვერ ვახერხებთ. რა უნდა მოხდეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მოვახერხოთ?

გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი პასუხი არ მოგეწონებათ. მე სამხედრო ვარ და ვფიქრობ, მაქვს კომპეტენცია, ამ საკითხზე სამხედრო პერსპექტივიდან ვისაუბრო. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და უკვე მრავალჯერ აჩვენა საკუთარი მზადყოფნა და კომპეტენცია ნატოს სამხედრო ოპერაციებისას. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო ნატოსთვის მზად არის. მეტიც, თუ სტატისტიკას შევხედავთ, პროპორციულად, თქვენი ტერიტორიული სიდიდისა და მოსახლეობის გათვალისწინებით, საქართველომ ყველაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა ავღანეთში და მსხვერპლიც [ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით] ყველაზე მეტი გაიღო. ვფიქრობ, თქვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნატოს ერთგული და საიმედო პარტნიორია და რომ სამხედრო თვალსაზრისით მის მზადყოფნაზე არანაირი კითხვები არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ყველაფერი დადის პოლიტიკამდე, იმ ქვეყნებამდე, რომელთაც აფიქრებთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ რუსულ დანაყოფებს.

ფიქრობთ, რომ ეს იმდენად დიდი შემაკავებელი ფაქტორია, რომ თუ ტერიტორიული პრობლემები არ გადაწყდება, ნატოში გაწევრების რეალური იმედი არ უნდა გვქონდეს?

ვფიქრობ, რომ სიტუაცია რუსეთში აუცილებლად შეიცვლება. ვფიქრობ, ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ, საქართველო კი მზად იყოს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრით. როგორც უკვე აღვნიშნე, სამხედრო გადმოსახედიდან საქართველომ ჩემი ყველა მოლოდინი დააკმაყოფილა, პოლიტიკური გადმოსახედიდან კი რჩება დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიების სახით. მე ვეტყოდი ქართველებს, რომ გააგრძელონ მუშაობა დემოკრატიის კუთხით და ნატოში არც ერთ ქვეყანას ამ კუთხით შეშფოთების საბაბი არ მისცენ.

რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოს და მის მოკავშირეებს იმისთვის, რომ ამ სკეპტიკოსმა ქვეყნებმა აზრი შეიცვალონ? რამდენად არის ეს ჩვენზე დამოკიდებული?

ვფიქრობ, რომ დიდწილად ეს ქვეყნები უკვე იცვლიან თავიანთ მოსაზრებებს, ხედავენ რა, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი. დღეს რასაც რუსეთში ვხედავთ, მუდმივად ვერ გაგრძელდება, ცვლილებები იქნება და იმედია, ეს იქნება ცვლილება, რომლის შემდეგაც უკეთესად „შევეგუებით“  ერთმანეთს.

და რა მოხდება მაშინ, თუ საქართველო ამ ცვლილებამდე ვერ მიაღწევს? თუ მანამდე რამე ისეთი მოხდება…

მოდით, შევთანხმდეთ, რომ არავის გვსურს ამ „რამე ისეთის“  პროვოცირება. შევთანხმდეთ, რომ რაღაც უკვე მოხდა, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ და დღეს თქვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შემდეგი ცუდი ნაბიჯი თავიდან უნდა ავირიდოთ და ვფიქრობ, სწორედ ამაშია მთელი ხელოვნება იმისა, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ. როგორ ვუშველოთ თქვენს ქვეყანას, თავად, სუვერენულად გადაწყვიტოს, თუ ვისთან ხედავს საკუთარ მომავალს და ამავდროულად, არ მოვახდინოთ რუსეთის მსგავს „რამეებზე“ პროვოცირება.

ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ რუსეთის პროვოცირება? რომელი ჭკუათამყოფელი დაიჯერებს იმას, რომ საქართველო იწვევს პროვოკაციებზე რუსეთს?

იგივე შეკითხვა მე თავადაც ხშირად დამისვამს სხვებისთვისაც. ჩვენ, დასავლეთში ვამბობთ, რომ არ გვსურს რუსეთის პროვოცირება. მერე ვახსენებ ხოლმე საქართველოს, ყირიმის, სირიის მაგალითებს და ვკითხულობ – ჩვენი პროვოცირების დრო როდისღა დადგება-მეთქი?

და რა პასუხს ღებულობთ?

ძალიან იშვიათად თუ მიმიღია რაიმე დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე, რაც არ უნდა დასანანი იყოს.

კრემლის მხრიდან პროვოკაციების კონკრეტული მაგალითების მოსაძებნად შორს წასვლა არ მოგვიწევს – საკმარისია მხოლოდ მცოცავი ოკუპაცია ვახსენოთ. თქვენ რომ გევალებოდეთ თავდაცვითი პოლიტიკის წარმოება, როგორ ფიქრობთ, მანევრირების რა სივრცე აქვს საქართველოს?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი მოკავშირეებისთვისაც, როგორებიცაა შეერთებული შტატები და სხვები. ისიც ცხადია, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება ბორდერიზაციის ამ პრობლემის გადასაჭრელად რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას მიმართოს. გამოსავალი, მე ვფიქრობ, ჩვენ, დასავლეთის ქვეყნებმა ხმა უნდა აღვიმაღლოთ და ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია… ამაში არ ვგულისხმობ განცხადებების გაკეთებას ამის შესახებ, ჩვენ რეალურად უნდა ვიმოქმედოთ და რუსეთის ქმედებების დაგმობა ქმედებად უნდა ვაქციოთ და არა უბრალოდ განცხადებად.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button