Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ქუთაისის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება

გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 21 სექტემბერი, N157

ქუთაისის თეატრის გარშემო

ერობამ და ქალაქის გამგეობამ იკისრა ქუთაისის ქალაქის თეატრის შეკეთება. განზრახულია კაფე „რეიმი“-ს კედელი გაარღვიონ და იქ მოაწყონ ფოიე. უკანასკნელის აუცილებლობა ყველასათვის ცხადია. ამას გარდა შეკეთებული იქნება თვით დარბაზი. გადაწყვეტილია აგრეთვე სცენის გაფართოება. ამ მიზნით სცენას მიემატება შოთაძის მაღაზია. დეკორაციების საჭიროებისთვის ერობა აძლევს თეატრს დიდ-ძალ ტილოს და ქირაობს მხატვრებს ახალი დეკორაციების დასახატავათ.

ერობის და ქალაქის გამგეობას განზრახული ქონდა თეატრის სრულიად გადაკეთება, იარუსების აშენება, თეატრის გაფართოვება კუთხიდან კუთხემდე, მაგრამ რადგან სეზონის დაწყება განზრახულია 1 ოქტომბრიდან, ამიტომ წელს ასეთი რადიკალური ცვლილება შეუძლებელი გახდა გაისისთვის კი გადაწყვეტილია თეატრის სრული გადაკეთება.

ამ საქმეში მხურვალე მონაწილეობას ღებულობს ქუთაისის სამაზრო ერობის თავმჯდომარე კონსტანტინე სულაქველიძე.

დასი შევსებული იქნება ახალი ძალებით. თფილისიდან იწვევენ ნ. დავითაშვილის და ე. ანდრონიკაშვილის ასულთ, ალ. იმედაშვილს, შალვა დადიანს, გ. არადელ-იშხნელს და სხვა.

სეზონში იმუშავებენ აგრეთვე დამსახურებული მსახიობი ქალბატონი ნინო ჩხეიძე (თვეში ორი გასტროლი), მ. მდივანი, ლ. ღოღობერიძე, ვ. ჩხიკვაძე, შ. ჯაფარიძე, პ. კორიშელი, შ. გომელაური და სხვანი. განზრახულია მოიწვიონ გასტროლებზე ვასო აბაშიძე და სხვა. რეჟისორათ მოწვეული არიან შალვა დადიანი და ალექსანდრე იმედაშვილი.

დრამატულ საზოგადოებას გათვალისწინებული აქვს, რომ შემოსავალი ვერ დაფარავს ხარჯს, დეფიციტის დასაფარავათ გადადებული აქვს 100 000 (ასი ათასი) მანეთი.

ყველაფერი ეს მოწმობს, რომ თეატრის საქმეს ქუთაისში წელს სერიოზულათ მოკიდეს ხელი. მაგრამ დრამატულ საზოგადოების გამგეობამ არ უნდა დაივიწყოს ერთი რამ: საჭიროა მსახიობების სრული უზრუნველყოფა ჯამაგირის მხრით.

მსგავსი/Related

Back to top button