ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

19 სექტემბერს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც რიგი საკითხების, მათ შორის, პარტიებისა და ინსტიტუტებისადმი მხარდაჭერას, ასევე მთავრობის საქმიანობისადმი რესპონდენტების დამოკიდებულებებს ასახავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) მიმდინარე წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 131 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.7%-ია.

ძირითადი მიგნებები:

  • კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (60%) მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს;
  • საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს;
  • მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას კვლავ ვერ ასახელებს;
  • გამოკითხულების 92% 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და მათგან უმეტესობა მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 პარტიების მხარდაჭერა

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერით კვლავ ქართული ოცნება სარგებლობს. რესპონდენტების 19% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს პარტია დგას. 2019 წლის აპრილში ჩატარებულ კვლევაში ეს მაჩვენებელი 21% იყო, 2018 წლის დეკემბრის კვლევით კი – 27%.

გამოკითხულების 9%-ს მსგავსი დამოკიდებულება აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ (2019 წლის აპრილი – 15%, 2018 წლის დეკემბერი – 12%), 4-4%-ს კი – ევროპული საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის მიმართ (ევროპული საქართველო: 2019 წლის აპრილი – 4%, 2018 წლის დეკემბერი – 3%; პატრიოტთა ალიანსი: 2019 წლის აპრილი – 3%; 2018 წლის დეკემბერი -3%). 9% კი – სხვა პარტიას ასახელებს.

გამოკითხულების 45% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას. 2019 წლის აპრილის კვლევასთან შედარებით, ეს მონაცემი 8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 6%-მა არ იცის რომელი პარტიას უჭერს მხარს, 4% კი, უარს ამბობს პასუხზე.

მაღალია მათი რიცხვი (57%), ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცემს ხმას. კითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ –  20% ქართულ ოცნებას ასახელებს (2019 წლის აპრილი 20%), 9% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (2019 წლის აპრილი 15%), 4-4% კი – ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს (ამ პარტიებს 2019 წლის აპრილშიც იგივე მხარდაჭერა ჰქონდათ). გამოკითხულების 19% ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 9% სხვა პარტიას ასახელებს და ამდენივე უარს ამბობს პასუხზე.

მთავრობის საქმიანობის შეფასება

კვლევის შედეგების მიხედვით, გაზრდილია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც საქართველოს მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. რესპონდენტების 60% ამბობს, რომ მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს (2019 წლის აპრილი – 56%, 2018 წლის დეკემბერი – 48%). ასევე, კლებაა მათ რიცხვშიც, ვინც მთავრობის საქმიანობით კმაყოფილია. მთავრობის საქმიანობას „კარგად“ გამოკითხულების მხოლოდ 32% აფასებს (2019 წლის აპრილი – 36%, 2018 წლის დეკემბერი – 44%).

ლიდერებისა და ინსტიტუტების შეფასება

კვლევაში ცალეული პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებრივი განწყობებიც არის ასახული. გამოკითხულების ყველაზე დიდი სიმპატიით (45%) თბილისის მერი კახა კალაძე სარგებლობს, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 13% აფასებს, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობით გამოკითხულების მხოლოდ 12%-ია კმაყოფილი, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობით კი – 11%.

კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე დადებით შეფასებას – 64%-ით – კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია იმესახურებს (2019 წლის აპრილი – 61%), მას 57%-ით იუსტიციის სახლები მოსდევს (2019 წლის აპრილი – 59%), 53%-ით – საქართველოს ჯარი (2019 წლის აპრილი – 55%), 42%-ით კი – პოლიცია (2019 წლის აპრილი – 48%).

კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოება ყველაზე უარყოფითად პარლამენტის (42%),  სასამართლოებისა (37%) და პროკურატურის (27%) და  საქმიანობას აფასებს. მათი მუშაობით კმაყოფილებას, შესაბამისად, გამოკითხულთა 8%, 10% და 12%  გამოთქვამს.

20 ივნისის მოვლენების შეფასება

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულების 92%-ს სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ. კითხვაზე – „ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი?“, – 43% პასუხობს, რომ ხელისუფლება, 14%-ის მოსაზრებით – ყველა თანაბრად, 9% პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს, 8% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% ოპოზიციას, 4% ბიძინა ივანიშვილს, გამოკითხულების 2%-ის მოსაზრებით კი – მომხდარზე პასუხისმგებლები თავად საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან.

მათგან, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, 68% მიიჩნევს, რომ აქციის დაშლისას ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა, 22%-ის მოსაზრებით კი – სათანადო ძალა გამოიყენა, 6%-მა არ იცის როგორი პროპორციით მოხდა ძალის გამოყენება, 4% კი არც იმას იზიარებს, ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი და არც იმას მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა, 1% უარს ამბობს პასუხზე.

გამოკითხვა 20 ივნისის აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ მოთხოვნებსაც ეხება, რომელთა შორისაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

გამოკითხულთა 68% ადასტურებს, რომ სმენია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია – ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დათახნმდა. მათი უმრავლესობისათვის (85%) ეს გადაწყვეტილება მისაღებია. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას, გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, 46% შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას იზიარებდა, 39% კი არ ეთანხმებოდა.

რესპონდენტების 59% 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების პასუხს – უარყოფითად, ხოლო 23% დადებითად აფასებს, 18%-მა არ იცის, როგორ შეაფასებდა მთავრობის მოქმედებას, 1% კი – უარს ამბობს პასუხზე.

რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა

გამოკითხვის ფარგლებში, NDI-მ ისიც გამოიკვლია, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა იმ შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 20 ივნისის მოვლენების პასუხად საქართველოს მიმართ გაატარა.

რესპონდენტების 87% ამბობს, რომ მას საქართველოს მიმართულებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვის შესახებ სმენია. მთლიანობაში, გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ ეს მოვლენა საქართველოში ტურიზმზე უარყოფითად აისახება, თუმცა 46 % ფიქრობს, ტურიზმის ინდუსტრია დაძლევს ამ გამოწვევას, 34% კი მიიჩნევს, რომ ვერ გაუკლავდება. 1%-ის მოსაზრებით, ეს რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ქართულ ტურიზმზე, 9%-ის მოსაზრებით კი – აკრძალვას ქართულ ტურიზმზე გავლენა არ ექნება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პირველი ნაწილი NDI-მ 17 სექტემბერს გამოაქვეყნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button