Placeholder canvas
ახალი ამბები

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 17 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართა რესპონდენტების განწყობებს ასახავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის საველე სამუშაოები NDI-ს დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) მიმდინარე წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 131 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.7%-ია.

NDI-ის კვლევის შედეგები – 2019 წლის ივლისი

კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა და 49%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით მეტია. ასევე, რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა (18%) მათი რაოდენობაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 2019 წლის იანვარში ეს მონაცემი 29% იყო. უცვლელი დარჩა იმ ადამიანთა რიცხვი (30%), რომელნიც მიიჩნევენ, რომ „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

კვლევის შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვანი კორელაციაა ლარისა და დოლარის გაცვლით კურსსა და „ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება პასუხებს შორის“.

გამოკითხულების 48% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 34% ფასების ზრდას/ინფლაციას, 33% სიღარიბეს, 29% კი –  ტერიტორიულ მთლიანობას. მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების პირველი ოთხეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულების 63% საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 31% საშუალოდ, კარგად კი – მხოლოდ 4%. რესპონდენტების 70%-ის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12%-ის მოსაზრებით – ყველა მოქალაქეს თანაბრად, 9%-ს კი, მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკიდან სარგებელს ვერავინ იღებს.

გამოკითხულების 48% საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს, 31% სოფლის მეურნეობას, 6% ქარხნულ წარმოებას/მრეწველობას, 3% კი – ფინანსურ სერვისებს. რესპონდენტების 76% ეკონომიკის მდგრადობაზე მთავრობას – სრულ პასუხისმგებლობას, 16% კი, ნაწილობრივ პასუხისმგებლობას ანიჭებს, ხოლო 1%-ს მიაჩნია, რომ მთავრობას ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა არ აქვს.

რესპონდენტების 43% ამბობს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები ხუთი წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია, 21%-ის თქმით, მეტია, 35%-ის მოსაზრებით კი – უცვლელი. ამასთან, 52%-ის მოსაზრებით, მათი თაობა მშობლების თაობასთან შედარებით უარესად ცხოვრობს, 31%-ის თქმით, უკეთესად, 14%-ის განცხადებით კი – იმავენაირად.

რესპონდენტების 63% ამბობს, რომ მათი ოჯახის (ყველა წევრის ჯამში) შემოსავალი 800 ლარამდეა, 20%-ის თქმით – 801 ლარი და მეტი, 16%-მა კი, არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. ამასთან, გამოკითხულების 76%-ის თქმით, ოჯახის შემოსავლის ყველაზე დიდი ხარჯი საკვებზე მოდის, 62%-ის განმარტებით – კომუნალურ გადასახადებზე, 38% და 30%-ის განცხადებით კი – წამლებსა და სხვადასხვა სახის საბანკო ვალდებულებებზე. რესპონდენტების 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როდესაც კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმარისი ფული არ ჰქონიათ.

დასაქმება

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, რესპონდენტების მხოლოდ  38% ამბობს, რომ დასაქმებულნი არიან. მათგან 13% საჯარო სექტორში მუშაობს. 22% იმ ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ უმუშევრობის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, 19% კი, მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზად სხვა მოვალეობებს ასახელებს. ასევე, ადამიანებისათვის, რომლებიც საკუთარ თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ, მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია. ამასთან, გამოკითხულების 88% ამბობს, რომ მათ ოჯახს ამჟამად რამე სახის დანაზოგი არ აქვს.

საპენსიო სისტემა და ჯანდაცვა

რესპონდენტების 57% ამბობს, რომ საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა არ აქვს. ამასთან, საპენსიო პროგრამაში 18-39 წლის რესპონდენტების მხოლოდ 27%-ია ჩართული, 40 წლის და უფროსი ასაკის რესპონდენტებიდან კი – მხოლოდ 8%.

ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულების მხოლოდ 13%-ია, 58% ნაწილობრივ კმაყოფილი, 9% ძალიან უკმაყოფილო, ხოლო 16% – ნაწილობრივ უკმაყოფილო. ამასთან, რესპონდენტების 47% ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად წამლების საფასურს ასახელებს, 24% სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას, 14% – სამედიცინო მომსახურების საფასურს, 5% კი – წამლების ხარისხს.

გამოკითხულების 54%-ის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როდესაც, ფინანსური შესაძლებლობების არქონის გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მკურნალობა გადაუდია. 50%-ის განცხადებით კი, ყოფილა მომენტი, როდესაც მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს წამლის შესაძენად შესაბამისი თანხა არ ჰქონია.

კვლევის შედეგების მიხედვით, „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამით გამოკითხულების 64%-ს უსარგებლია. აღნიშნულ პროგრამას ძალიან დადებითად რესპონდენტების მხოლოდ 23% ასახელებს, 59% ნაწილობრივ დადებითად, 3% ძალიან უარყოფითად, 10% – ნაწილობრივ უარყოფითად.

გენდერული კვოტირება და უმცირესობების უფლებები

კვლევის ფარგლებში, რესპონდეტები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხზეც გამოჰკითხეს. გამოკითხულების 65% ამბობს, რომ ისინი პარლამენტში ე.წ. კვოტირების საკითხს მხარს უჭერენ, 24% წინააღმდეგია, 10%-მა კი – არ იცის, უჭერს თუ არა მხარს კვოტირებას.

რესპონდენტებს კითხვა უმცირესობების შესახებაც დაუსვეს. გამოკითხულების 92% მიიჩნევს, რომ შშმ პირების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხულების 72% იმავეს ამბობს ეთნიკურ უმცირესობებზე, ხოლო 71% რელიგიურ უმცირესობებზე. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად კი – ჯამში რესპონდენტების 27% ასახელებს.

ევროკავშირი და ნატო

კვლევის შედეგების მიხედვით, ერთი პროცენტული პუნქტით, 78%-მდე გაიზარდა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაცხადებულ მიზანს უჭერენ მხარს (2019 წლის აპრილი – 77%, 2018 წლის დეკემბერი – 83%). 2019 წლის აპრილთან შედარებით, ერთი პროცენტული პუნქტით, 14%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, რომელთათვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია.

რაც შეეხება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, მას რესპონდენტების 71% უჭერს მხარს, 17%-ისთვის საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია მიუღებელია, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ კითხვასაც მოიცავდა. რესპონდენტების 41% მას ცუდ მოვლენად აფასებს, 49% კარგ მოვლენად, 10%-მა არ იცის.

ინტერნეტის მოხმარება

კვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც რესპონდენტების 64% მოიხმარს. ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წლის მანძილზე 13 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 28% არასდროს მოიხმარს. ეს რიცხვი ბოლო ოთხი წლის მანძილზე 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 8% კი – ინტერნეტს უფრო იშვიათად (2015 წელი – 12%).

ასევე ნახეთ:

20/05/2019 – NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს;

28/01/2019 – საზოგადოებრივი განწყობები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button