Partner postანალიზიპარტნიორებისგან

ამერიკელ ექსპერტთა კომენტარები კელი დეგნანის ელჩად წარდგენაზე

თეთრმა სახლმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა. დეგნანი 25წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია კალიფორნიიდან. ის ამჟამად ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია.

დეგნანს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა. ბრიუსელში მას ნატოში აშშ-ის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა სამ წელიწადს ეკავა. დეგნანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშიც მუშაობდა – იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბაიტის სპეციალური თანაშემწეც იყო. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა მარიამ უგრეხელიძემ ჰკითხა ამერიკელ ექსპერტებს, მათ შორის საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რას ფიქრობენ ისინი კელი დეგნანის ელჩად წარდგენაზე.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კაცმა „ამერიკის ხმას“ ხაზი გაუსვა, რომ დეგნანს როგორც ჩვენს რეგიონში მუშაობასთან ერთად, ისე თავდაცვის სფეროში მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს, რაც ახლა საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია: „კარგია, რომ ისეთი კანდიდატი წარადგინეს, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიისა და თავდაცვის სფეროებში მუშაობისა, კარგია, რომ მომავალ ელჩს რეგიონშიც უმუშავია. საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები მისი ჩრდილოელი მეზობლის წყალობით ამჟამად განსაკუთრებულადაა გამწვავებული. აქტუალურია ნატოში გაერთიანების მცდელობის საკითხიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმყოფებოდეს ამერიკის ელჩი, რომელიც დარწმუნდება, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ნატო იქნება ეს თუ საქართველოს დემოკრატიის ამბავი, დღის წესრიგში კვლავაც [დარჩება]“.

ჯონათან კაცმა ასევე დასძინა, რომ „2020 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის და იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ ელჩი უკვე საქართველოში იქნება. საპარლამენტო არჩვენები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს მომავლისთვის. ვფიქრობ, ამერიკის ელჩი საჭიროა ქვეყანაში, რათა მან შეძლოს ამ საკითხებზე მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად მუშაობა“.

„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი კი ამბობს, რომ ელჩად დეგნანის წარდგენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-ამერიკას შორის მნიშვნელოვან, პარტნიორულ ურთიერობას: „ამერიკას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ელჩი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ამერიკისათვის. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკურებით ახლა, როდესაც მომავალი წლის არჩევნები ახლოვდება. ელჩის დანიშნვა გვაჩვენებს, რომ საქართველო კარგად ახსოვთ ვაშინგტონში და მის საკითხს მაღალ დონეზე ეპყრობიან. ელჩის ყოლა ნიშნავს, რომ ამერიკაში უკეთესად ეცოდინებათ რა ხდება ქვეყანაში“.

„ელჩი საკმაოდ დაკავებული იქნება, რადგან საქართველო არჩვენებისთვის ემზადება. [ამასთან ერთად] საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები და ბორდერიზაცია, მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხები იქნება ელჩისათვის. ახლა ნებისმიერი ელჩისთვის რთული დროა საქართველოში სამუშაოდ. მე მას წარმატებას ვუსურვებ,“ დასძინა კოფმა.

მომავალი ელჩის კანდიდატად კელი დეგნანის წარდგენას დადებითად და ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები იან კელი და კენეტ იალოვიცი.

იან კელი ამერიკის ბოლო ელჩი იყო საქართველოში, მან თანამდებობა გასული წლის მარტში დატოვა. კელი ამბობს, რომ ელჩობის კანდიდატს კარგად იცნობს და ვერც კი წარმოუდგენია მასზე უკეთესი კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის: „კელი დეგნანს თითქმის 20 წელია ვიცნობ. ძნელად წარმომიდგენია მასზე უკეთესი კანდიდატურა ამერიკის წარმომადგენლად საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან დროსა და ადგილას, როგორიც ახლანდელი საქართველოა. ვფიქრობ, სენატი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს და დარწმუნებული ვარ, ის საქმეს თავს ძალიან კარგად გაართმევს. მიხარია, როგორც დეგნანის, ისე ქართველების მაგივრადაც.

იან კელიმ ყურადღება გაამახვილა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის მუშაობაზეც და თქვა, რომ რუდმა, როგორც საელჩოს მართვის, ისე ამერიკის ელჩის საქართველოში არყოფნის ხანგრძლივ პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. იან კელი ფიქრობს, რომ რუდი და დეგნანი არაჩვეულებრივ გუნდს შექმნიან.

კიდევ ერთი ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი მიიჩნევს, რომ დიდი გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ადგილზე იყოს ამერიკის ელჩი, რომელსაც შეეძლება დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე მუშაობა. „როგორც მითხრეს, კელი დეგნანი ინტელიგენტი და შრომისმოყვარე ადამიანია. თუ მასზე მოსმენილ დახასიათებებს დავუჯერებთ, დარწმუნებული ვარ, იგი იქნება გამორჩეული ამერიკელი ელჩი საქართველოში. ახლა საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხების გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იმყოფებოდეს ამერიკის ელჩი, რომელიც გააჟღერებს ჩვენს პოლიტიკას და შესაბამის დახმარებას გაუწევს ქვეყანას მნიშვნელოვან საკითხებში.“

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდიდან შეუდგება საქართველოში მუშაობას დეგნანი. პროცედურების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარდგენის შემდეგ, კელი დეგნანის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. საბოლოო თანხმობის მიღების შემთხვევაში კი ამერიკა საქართველოში პირველ ქალ ელჩს, კელი დეგნანს გამოგზავნის. მანამდე, თბილისში ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.


მასალა სამოქალაქო საქართველოსთვის (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button