ახალი ამბები

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებათა სახალხო განხილვა დაიწყო

თელავში დღეს გაიმართა პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების პაკეტისა, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლას ითვალისწინებს.

კონსტიტუციური კანონპროექტები ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ წარუდგინა. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტებიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და „განსაკუთრებით“ ახალგაზრდებს, „რომლებმაც ამ ცოტა ხნის წინ თავისი გულწრფელი პროტესტი და მოთხოვნა დააფიქსირეს, რომ პროპორციული არჩევნების თარიღი შეცვლილიყო“. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი დამსახურებაც არის, რომ არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს. თუმცა დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი გასულ ზაფხულში დადგა. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2019 წლის 24 ივნისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 20 ივნისს თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რომლის ერთ-ერთ მოთხოვნაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული არჩევნებით ჩატარება იყო

მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე 2020-დანვე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 13 ივნისს, 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინეს.

ამდენად, 2019 წელს, ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი კონსტიტუციური კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც ზემოაღნიშნულ გარდამავალ დებულებას ეხება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული კონსტიტუციურ კანონპროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც არსებითად თითქმის ერთნაირია, თუმცა განსხვავებულ ნიუანსებს მაინც შეიცავს.

კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზებისათვის ორი კომისია შეიქმნა, თუმცა კომისიები ერთი და იმავე 13 წევრისგან შედგება და ორივე კანონპროექტის განხილვა ერთდროულად მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საქართველოს კიდევ 10 ქალაქში გაიმართება და 30 სექტემბერს დასრულდება. საყოველთა-სახალხო განხილვის შემდეგ, კანონპროექტებზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედის თანხმობაა საჭირო. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ამიტომაც მას ცვლილებების მისაღებად მას ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობა 106 კანონმდებელს ითვლის, როცა ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button