ახალი ამბები

მარია ზახაროვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთის სამოკავშირეო დახმარებაზე არიან დამოკიდებული, რაც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არსებული პრობლემების მიუხედავად, მაინც განაგრძობენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას“.

ზახაროვას თქმით, ორივე რეგიონი „წარმატებით ავითარებს“ ეკონომიკას, სოციალურ ცხოვრებას, საგარეო ვაჭრობას და საერთაშორისო ურთიერთობებს. „საერთო ჯამში, გასულ წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ქართული აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადისგან სერიოზულად დაზარალდნენ, შედგნენ როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, – განაცხადა მან.

ზახაროვას თქმით, ორივე „რესპუბლიკაში“ მოქმედებს „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები, ვითარდება პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული პროცესები“. მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი და ცხინვალი „საერთაშორისო პოზიციებსაც იმყარებენ“.

„ორივე რესპუბლიკაში არსებული რეალური სიტუაციის გაცნობის მიზნით“, ზახაროვამ დასავლელ პარტნიორებს იქ ჩასვლა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა შესთავაზა.

„ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები შესაშური სიჯიუტით ახმოვანებენ ბრალდებებს რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მისამართით. თავად კი, ნაცვლად იმისა, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყონ ხელი, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით, რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ“, – განაცხადა მან.

ზახაროვა მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში „უსაფრთხოების“ მოტივით, ქვეყანას იარაღით აღჭურვავენ და სამხედრო ბლოკებში ექაჩებიან მას.

თბილისის პასუხი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ზახაროვას განცხადებას „ცინიკური“ უწოდა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა „მძიმეა“ და „მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია“.

მისი თქმით, „ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია“. მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა შეუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, მოსკოვმა აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა.

მოგვიანებით, ორი რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამაც აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button