ახალი ამბები

ეუთოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს „მიმდინარე ოკუპაციის“ გამო შეშფოთებულია

ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა, რომელთა შორის არიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, 5 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ საკუთარი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელიც ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განიხილეს და სადაც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, დავით დონდუამ საოკუპაციო ხაზის მახლობლად განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 11 წლის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“, – ნათქვამია 15 დიპლომატის ერთობლივ განცხადებაში.

მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას „დაუყონებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს და უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე“.

დელეგაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

ჯგუფმა დაგმო საქართველოს მოქალაქეების, ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის დაღუპვის შემთხვევები და მოუწოდა „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებლებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეუფერხებელი შესვლა უზრუნველყონ.

მან ასევე მოუწოდა რუსეთს, „როგორც სახელმწიფოს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რომ მოხსნას ყველა ის დაბრკოლება, რაც დამნაშავეთა გასამართლებას უშლის ხელს“.

აშშ-ის განცხადება

მართალია აშშ-ის მისია ეუთოში სრულად უჭერს მხარს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებას, ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა საქართველოს მხარდამჭერი ცალკე განცხადებაც გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები „სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. „რუსეთის ძალისხმევა, რომ ისტორიული ფაქტები გადაწეროს და მცდარი ნარატივი შექმნას, ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ მცდელობებს და წარუმატებელი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „კანადის მსგავსად, აშშ შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად, საქართველოს ტერიტორიაზე ღობეების აღმართვის პროცესის განახლების თაობაზე ინფორმაციის გამო“.

მისი თქმით, „ბორდერიზაციის“ პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და იწვევს მათ მოწყვეტას საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან.

ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირმა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.

„ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში. რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს – ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს“, – აღნიშნა ევროკავშირმა და მოუწოდა რუსეთს, რომ „პროცესების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ჩაერთოს“.

„მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს გააგრძელოს კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენება. დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ამ კონტექსტში, ევროკავშირის მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოითხოვს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას „წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button