ევროპამთავარი თემა

ბორისის შეთქმულება ვესტმინსტერის წინააღმდეგ

ავტორი: საბა ბრაჭველი

ავტორი: საბა ბრაჭველი

მოდი, ვითამაშოთ. მე ერთ-ერთ სახელმწიფოს დაგიხასიათებთ, თქვენ კი სცადეთ გამოიცნოთ, რომელ მათგანზეა საუბარი. ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხალხს არ აურჩევია და მოსახლეობის დაახლოებით 1%-ის ნებას გამოხატავს, მიმართავს მონარქს, რომელიც ასევე არ აურჩევია ხალხს, რათა ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს შეუწყვიტოს უფლებამოსილება და ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი უდიდესი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს. ბონუსის სახით იმასაც გეტყვით, რომ თავად პრემიერის მინისტრების უმრავლესობამ ამ ნაბიჯის შესახებ თავადაც არაფერი იცოდა.

თუ თქვენ დიდი ბრიტანეთი დაასახელეთ და არა რომელიმე ავტოკრატული ან მესამე მსოფლიოს ქვეყანა, მომილოცავს, დაუნინგ სტრიტის ახალი ამბები ჩინებულად გცოდნიათ. გაოცებულ მკითხველებს კი მოვუყვეთ, რა მოხდა ოთხშაბათს ლონდონში და რას ნიშნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რეკორდული სისწრაფით დაწყებული მასშტაბური პროტესტების მთავარი სლოგანი – „შეაჩერეთ  გადატრიალება“( Stop the Coup!).

პროროგაცია, ანუ რა ჩაიდინა ჯონსონმა?

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, პარლამენტის წევრები ადამიანები არიან. მათ ხანდახან დასვენება და შინ დაბრუნება ესაჭიროებათ ხოლმე, თუნდაც პოლიტიკური კამპანიების საწარმოებლად. პარლამენტი აშშ-იც, ბრიტანეთშიც და საქართველოშიც, ჩვეულებრივ, სესიებად მუშაობს, სესიებს შორის კი პარლამენტის უფლებამოსილება დროებით შეწყვეტილია. პროროგაცია სწორედ ამას – სასესიო მუშაობის დასასრულს ნიშნავს, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილებას დროებით აჩერებს, თუმცა მის მთლიანად დათხოვნას არ უთანაბრდება.

28 აგვისტოს, გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა (Boris Johnson) დედოფალ ელისაბედ მეორეს (Queen Elizabeth II) სწორედ ამ – პარლამენტის პროროგაციის თხოვნით მიმართა, რომელიც ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა. ამაში, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერი უნდა იყოს – მიმდინარე საპარლამენტო სესია 2017 წლის შემდგომ არ შეწყვეტილა, რაც ინგლისის სამოქალაქო ომის შემდეგ უპრეცედენტო მოვლენაა. შესაბამისად, ჯონსონმა პარლამენტს კუთვნილი დასვენება 9-12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით „გამოუწერა“.

თუმცა პრემიერის ფარული ზრახვები ძნელად მისახვედრი არავისთვის ყოფილა. ჯონსონი ვერ ახერხებს პარლამენტში საკმარისი ხმების მოგროვებას ევროკავშირიდან ბრიტანეთის უხელშეკრულებოდ გაყვანისათვის (No-Deal Brexit), რაც ევროპულ კავშირთან დადებული ყველა ხელშეკრულების გაწყვეტასა და ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხის ჩიხში შეყვანას გულისხმობს. შესაბამისად, ბორისმა აბსოლუტური მონარქიისთვის შესაშური მოხერხებულობით, გორდიას კვანძი მარტივად გადაჭრა – 14 ოქტომბრამდე დათხოვნით პარლამენტს მის წინააღმდეგ სამოქმედოდ უმცირესი ვადა დაუტოვა.

საინტერესოა, რომ პარლამენტის წინა იძულებითი პროროგაცია ასევე კონსერვატორმა პრემიერმა განახორციელა, თუმცა ეს მისთვის სავალალოდ დასრულდა. 1997 წელს ეს ჯონ მეიჯორმა გააკეთა, მისთვის არასასურველი ანგარიშის განხილვის თავიდან ასარიდებლად, რამაც ახალი საპარლამენტო არჩევნები და კონსერვატორთა სრული კრახი გამოიწვია. პროროგაცია წარმატებულადაც დასრულებულა, თუმცა გაცილებით ადრე, ჩერჩილის დროს.

ცუგ-ცვანგიდან ვა-ბანკამდე

პარლამენტის იძულებითი დაშლა მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტარები საშენო გადაწყვეტილებას არ იღებენ, ფრიად კონტროვერსიული ნაბიჯი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ჯონსონის ნაბიჯი გასაგებია. მას მოქმედებისთვის ორ თვეზე ნაკლები დრო დარჩა, არადა პარლამენტის უმრავლესობას უხელშეკრულებო ბრექსიტის (No-Deal-ის) გაგონებაც არ უნდა. ამ ნაბიჯით ჯონსონმა განხეთქილება ლეიბორისტებისა და ლიბერალ-დემოკრატების გაერთიანებაშიც შეიტანა. ერთი სიტყვით, პრემიერმა ჭადრაკის დაფა უბრალოდ ააყირავა, რაკი პარტია მის სასიკეთოდ არ მიდიოდა.

თუმცა, ამ ნაბიჯმა განხეთქილება ბორისის პარტიაშივე გამოიწვია. კონსერვატორთა შოტლანდიური ფრთის ლიდერმა, რუთ დევიდსონმა (Ruth Davidson), გადადგომა დააანონსა. ეს ის დევიდსონია, სენსაცია რომ მოახდინა და ბოლო არჩევნებზე შოტლანდიაში კონსერვატორები მეორე ადგილზე აქაჩა. ჯონსონის ნაბიჯი დაგმეს არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ პარლამენტის სპიკერმა, ევროპარლამენტარებმა და თავად ჯონ მეიჯორმაც კი.

საინტერესოა, რომ ხალხის განწყობა ამ ნაბიჯთან დაკავშირებითაც პოლარიზებულია, რაც, ზოგადად, ბრექსიტის მთელ პროცესს სდევს თან. ლეიბორისტებისა და ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა უდიდესი ნაწილი (68-73%) პარლამენტის იძულებით დათხოვნას მიუღებლად მიიჩნევს, მაშინ როცა კონსერვატორთა და ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეთა უმრავლესობა (51-52%) ჯონსონის ნაბიჯში პრობლემას ვერ ხედავს. ფაქტია, რომ ორივე მხარისთვის საკუთარი დღის წესრიგის გატანა უპირველეს საზრუნავს წარმოადგენს, რასაც არაფრის დიდებით არ დათმობენ. თუმცა, პარტიულობის მიუხედავად, ბრიტანელთა დიდი ნაწილისთვის პარლამენტის უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა.

ნისლიანი ალბიონი ცხელი შემოდგომის მოლოდინში

ჯონსონის სვლამ მის მომხრეებს იმედი შესძინა, რომ ბრექსიტი მისი ყველაზე არაორაზროვანი ფორმით განხორციელდება, მოწინააღმდეგეებს კი ანიშნა, რომ მოქმედებაა საჭირო, თანაც სწრაფად. გაბედული ნაბიჯი პრემიერს შესაძლოა ბუმერანგივით მიუბრუნდეს უკან. პარლამენტართა ნაწილი აპირებს, რომ 12 სექტემბრამდე მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს და საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში დანიშნოს. ეს ჯონსონისა და მისი ბრექსიტის გეგმისთვის საბოლოო განაჩენი იქნებოდა.

თუმცა მოწინააღმდეგეთა გეგმას ერთი სერიოზული პრობლემა აქვს. უნდობლობის გამოცხადებას პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ოპოზიციის გაერთიანების, საერთო გეგმაზე შეთანხმებისა და თავად კონსერვატორთა ნაწილის გადმობირების გარეშე შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ დაპირისპირებული პარტიები გაერთიანებას იმისთვის, რომ პარლამენტარიზმის პირმშო სახელმწიფომ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის გვერდის ავლით არ მიიღოს.

მსგავსი/Related

Back to top button