Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საეკლესიო წრეებში დაპირისპირება და ინტრიგები მწვავდება

გაზ. საქართველო, 1919 წლის 2 სექტემბერი, N188

საეკლესიო წრეებში (მორწმუნეთა წრის მოხსენების გამო)

ეს ერთი ხანია ჩვენი სასულიერო წოდების განსაზღვრული ნაწილი სასტიკ ოპოზიციაში ჩაუდგა ცენტრალურ საეკლესიო დაწესებულებებს და … თვით კათალიკოზსაც. უკმაყოფილო ელემენტს არაფერი მოსწონს საქართველოს განახლებული ეკლესიის ყოფა ცხოვრებაში და ზოგი მათგანი ხმა მაღლა გაიძახის „ექზარხოსობის დროის“ უმჯობესობაზე ეხლანდელთან შედარებით.

ცნობილია, სამწუხაროდ, რომ არც ერთი ქართულ საზოგადოებრივ წრეში არასდროს ისე უმსგავსად არ უჩენია თავი პირად ინტერესებს, გაუტანლობას, მოშურნეობას, მეტიჩრობას, როგორც სასულიერო უწყებაში. პატოლოგიურმა  მოვლენამ ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა უკანასკნელ წლებში, როდესაც ქართველობას თავისუფლად ამოსუნთქვის შეძლება მიეცა ნაცვლად იმისა, რომ გარდამავალ ხანაში, სოლიდარული მოქმედებით ხელი შეგვეწყო საქვეყნო საქმის კეთილად დაგვირგვინებისათვის და აღდგენილი სახელმწიფოს აქტიურ წევრებად გამოვსულიყავით. ჩვენში ბევრმა განახლება და განთავისუფლება ეგოისტური მიზნებისათვის გამოიყენა და საეჭვო საქციელით საკმაოდ გამოამჟღავნა თავისი ზნეობრივი „სიუხვე“. სასულიერო წოდების ერთ ნაწილს უცილობელი „პრიორიტეტი“ ეკუთვნის საზოგადოების უმეტესობის საწინააღმდეგო მოქმედებაში.

ჩვენ არ შევუდგებით აქ ამ უგვანო მოვლენის „დასაბამის“ გამოკვლევას: უმისოდაც ყველასათვის აშკარაა, რომ ის ჯგუფი სამღვდელოებისა, რომელსაც „თავის ქამანჩაზე“ ახტუნავებს ორიოდე მოუსვენარი ინტრიგანი და რომელიც მუდამ საზოგადოებრივ საქმეს დაშორებული ყოფილა და არც საკმაო უნარი და ნიჭი შესწევნია ამისთთვის, სისტემატიურად ეწინააღმდეგებოდათ, რომელნიც ამა თი იმ დროს მოღვაწეობდნენ ეკლესიის სასარგებლოდ და დავალებით.

საზოგადოების სხვა წრეებში ასეთი ჯურის ხალხი როდესაც რწმუნდება თავის უვარგისობაში და „მიუღებლობაში“ მშვიდად განაგრძობს  მიმჩნეულ სფეროში მუშაობას: არც ყვირილია და არც ბობოქრობა! სამღვდელოებაში კი სრულიად საწინააღმდეგოა: აქ ყველაზე მეტს ის გაჰკივის, ვისაც ყველაზე ნაკლებად უჯერებენ და ვინც ყოველს ჟამს პირშავი ყოფილა თანამოძმეებთანაც და უცხოებთანაც.

კათალიკოზ კირიონ მე-2-ის განსვენების შემდგომ სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა კამპანია ასტეხა მთელი საეკლესიო მართველობის წინააღმდეგ და თავდავიწყებამდე მიიყვანა იგი უწმინდესი ლეონიდის კათალიკოზის ხარისხში აღყვანის დროს. ამ დღიდან დაწყებული ხსენებულ ჯგუფს აღარაფერი მოსწონს ქართულ ეკლესიასა და მის დაწესებულებებში… ჯერ ხნობით ეს ჯგუფი და მისი „ბელადნი“ კმაყოფილდებოდნენ, ასე ვთქვათ, შინაგან ბრძოლით და საკათალიკოზოს დაწესებულებებში „ოპოზიციის“ სული შეჰქონდათ, მაგრამ უწყებაში „მხილებას“ ვერ დაუკმაყოფილებია ბოღმა მოწოლილი „ოპოზიციონერები“ და საზოგადოების საყურადღებოდ გაჰხადეს საეკლესიო ცხოვრების ზოგიერთი სპეციალური საკითხები.

რედაქციას მოუვიდა ასლი საკათალიკოზო საბჭოს სახელზე „მოხსენებისა“. რასაც ხელს აწერს „მორწმუნეთა ერთი წრე“. „მოხსენება“ თავიდან ბოლომდის ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, რომ ცხადათ შერყეულის, ან მანიაკის ნამუშევარს უფრო წააგავს, ვიდრე დოკუმენტს, რომელიც საეკლესიო უზენაეს ორგანოს ეგზავნება მორწმუნეთა წრიდან. აბლაბუდაში ერთმანეთში გათქვეფილია ათასი მომენტი ერთი მეორისგან დაშორებული და შეუკავშირებელი. გარდა ამისა, რომ „მოხსენებას“ ნამცეცი აზროვნების ამუშავების არ ატყვია, მას პირადული, ინტრიგნული ხასიათი აქვს და მის ავტორებისათვის აბეზარ გვარებს უფრო მეტი  ალაგი უჭირავს, ვიდრე საღ წინადადებას…

 ეკლესია კვდებაო თქვენს ხელში, მიჰმართავს „მორწმუნეთა ერთი წრე“ კათალიკოზს და ამის დასამტკიცებლად მოჰყავთ ორიოდე საცოდავი მაგალითი… სწორედ საწინააღმდეგო ფაქტების დასამოწმებელი. გადი ხალხშიო!.. ეუბნებიან „მორწმუნენი“ კათალიკოზს, მოგვბეზრდა და შეგვეზიზღა (!) თქვენი „შესხმათა“ კითხვაო, – გაიძახიანი „მოხსენების“ უმეცარი ავტორები!!! ინგლისის უსაშინელეს ბედლამში არ დაიწერება ასეთი სინდის გამოფიტული სიტყვები!

ამ დოკუმენტს მხოლოდ საკათალიკაზო საბჭოს კი არ ურდგენენ ეკლესიისათვის „თავშემატკივარნი“, „სულ ერთია ამის ასლი ბევრი დარიგდება საქართველოში“, ემუქრებიან საბჭოს „მორწმუნენი“ და ჩვენ ვიცით, რომ ამ სიკეთეს ბლომად განაბნევენ ქართველ ხალხში ესენი; მაგრამ ისიც ვიცით, რომ წამკითხველნი ზიზღით გადაისვრიან ჭუჭყიან ფურცლებს და დამწუხრდებიან, რომ მისი ავტორები მორწმუნეთა წრეში ირიცხებიან…

მსგავსი/Related

Back to top button