Placeholder canvas
ახალი ამბები

ბახტაძემ და ლუკაშენკომ მინსკში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს პირველი ოფიციალური ვიზიტით მინსკს ეწვია, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

შეხვედრისას, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა მცირე არის. 

„თავის დროზე ნულიდან დავიწყეთ და წარმოდგენაც არ შეგვეძლო, როგორ შეიძლებოდა საქართველოსთან ვაჭრობა მასსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული პრობლემებისა და სხვა საკითხების გათვალისწინებით, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩვენ ეს ვისწავლეთ და პერსპექტივებსაც ვხედავთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო და ბელარუსი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას შეძლებენ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „პრინციპული მხარდაჭერისათვის“.

„საქსტატის“ 2018 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ბელარუსთან 87.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი – 28.5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 58.7 მლნ აშშ დოლარს აღწევდა. 2017 წელს ექსპორტი 27.5 მლნ აშშ დოლარი,  იმპორტი კი 67 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელიც ბახტაძეს მინსკში ახლდა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივ ურთიერთობებში „პრობლემური საკითხები არ არსებობს“ და რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ასევე შეხვდა თავის ბელარუს კოლეგას სერგეი რუმასს და ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმირ ანდრეიჩენკოს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button