Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიუგუმ და მისმა აფხაზმა „კოლეგამ“ მერაბ ქიშმარიამ დღეს მოსკოვში ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ“. ინფორმაცია დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ისე, რომ დაფინანსების მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით“, – განუცხადა სერგეი შოიგუმ მერაბ ქიშმარიას და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შექმნილი აქვთ „ორი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცე“.

„ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ვაგრძელებთ მისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევას. ძალზედ დიდ მნიშვნელობას ატარებს ის დოკუმენტები და შეთანხმებები, რომლებსაც ხელი 2014 და 2015 წლებში მოვაწერეთ, და ასევე, რა თქმა უნდა –  ჩვენი სამხედრო ბაზაც, რომელსაც ვაძლიერებთ და რომელიც, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს“, – უთხრა სერგეი შოიგუმ აფხაზ „კოლეგას“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის უწყების“ ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აფხაზეთში რუსეთის „მე-7 სამხედრო ბაზის“ და რუსულ-აფხაზური გაერთიანებული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მნიშვნელობას, და მადლობა გადაუხადა რუსეთს „რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის“.

მოსკოვმა და სოხუმმა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შექმნის შესახებ ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიდო და სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნას „აგრესიის მოგერიების“ მიზნით. ამ დაჯგუფებაში აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა შედის და მას გაერთიანებული სარდლობა ჰყავს.

მსგავსი შეთანხმებები მოსკოვს ცხინვალთანაც აქვს გაფორმებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button