ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 17 აგვისტოს გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ 42%-იანი წილის მქონე ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლის ფაქტს, რომლის შესახებაც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, და მოუწოდა კონსორციუმს „უმოკლეს ვადებში“ წარუდგინოს მთავრობას გეგმა პროექტში „დასავლური სტრატეგიული ინვესტორის“ მოზიდვის შესახებ, რომელიც „კონტი ჯგუფს“ „იგივე მოცულობით“ ჩაანაცვლებს.

სამინისტროს განმარტებით, „კონტი ჯგუფი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ჩატარებული ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა.

უწყების განცხადებით, ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია „მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე“ და „ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „კონტი ჯგუფი“ პროექტში „ფორმალურად მონაწილეობდა“ და „რეალური სტრატეგიული ინვესტორი“ თავიდანვე არ არსებობდა.

უწყება ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ „მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად“, კონსორციუმს დღემდე არ აქვს შესრულებული ფინანსური ვალდებულებები.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ „2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს“.

შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ ცნობილი 15 აგვისტოს გახდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა იმავე დღეს განაცხადა, რომ პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის ფაქტი „სასიამოვნო არ არის“, მაგრამ „არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button