ახალი ამბები

თბილისი სოფელ გუგუტიანთკარში „ბორდერიზაციის“ გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ხელოვნური ბარიერების აღმართვის „უკანონო პროცესის“ გაგრძელების გამო „შეშფოთებას გამოხატავს“.

„ბორდერიზაციის“ პროცესი სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს დაიწყო და რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს დაემთხვა. ერთი კვირის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში რკინის ბოძები დაამონტაჟეს, 14 აგვისტოს კი – ღობე გაავლეს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო აღნიშნავს, რომ „მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას“.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე აგრძელებს „ინტენსიურ მუშაობას“ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, „რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით“.

სოფელ გუგუტიანთკარში დღეს განახლებულ „ბორდერიზაციის“ პროცესს ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

შსს-ის შიდა ქართლის სამხრეო პოლიციის უფროსის მოადგილის, კობა ცერცვაძის თქმით, ქართული მხარე გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის საკითხს 29 აგვისტოს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) შეხვედრაზე დააყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button