Placeholder canvas
ახალი ამბები

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე არასამთავრობოები ხელისუფლებას და ICC-ის მიმართავენ

აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო მართლმსაჯულება, საია და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელიც სამ წელზე მეტია 2008 წელს ცხინვალის რეგიონში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სამხედრო დანაშაულებს იძიებს.

არასამთავრობოების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას“, „დღემდე არ მომხდარა მართლმსაჯულების აღსრულება, დამნაშავე პირთა დასჯა და დაზარალებულთათვის სამართლიანობის და მათი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა“.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ სრულყოფილი გამოძიებისთვის, გამოძიების პროცესში დაზარალებულთა ჩართულობისა და სამართლიანობის აღსრულებისთვის „შესაძლო დაბრკოლებას“ წარმოადგენს ისეთი „მნიშვნელოვანი გამოწვევები“, როგორებიცაა: ICC-ის საქმიანობისა და გამოძიების შესახებ საზოგადოების, მათ შორის, დაზარალებულთა ინფორმირების ნაკლებობა, ომის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის გასვლა [რასაც თან სდევს დაზარალებულთა გარდაცვალებისა და მტკიცებულებების განადგურების პროცესი], აგრეთვე – ICC-სთან თანამშრომლობაზე რუსეთის უარი.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს „აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“.

„აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაატაროს „სათანადო ღონისძიებები დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“.

არასამთავრობოები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, „შეიმუშავოს სტრატეგია იმ გამოწვევების გამკლავების მიზნით, რაც აღნიშნულ გამოძიებას ახლავს თან და უზრუნველყოს სასამართლოს მანდატის ეფექტიანი განხორციელება დაზარალებულთათვის სამართლიანობის აღსასრულებლად“, ასევე „გააძლიეროს ცნობიერების ამაღლების კამპანიები სასამართლოს საქმიანობისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ დაზარალებული თემისა და ფართე საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცხინვალის რეგიონში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულების გამოძიებას 2016 წლის 27 იანვრიდან აწარმოებს. გამოძიება მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება. საქართველო მიესალმა, რუსეთმა კი, გააკრიტიკა ICC-ის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველო, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია, რომ სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან. იგივე ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, ვინაიდან ის რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის.

რამდენიმე კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ICC-ის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა მდგომარეობაზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის გამოქვეყნებისას, არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება „მნიშვნელოვნად ჭიანურდება“ თითქმის ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც ICC-ს ამ დრომდე განუხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button