რესპუბლიკის ამბები

სამხედრო სამინისტრო დეზერტირობას ებრძვის

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 8 აგვისტო, N145.

ბრძანება შინაგან საქმეთა და სამხედრო უწყებათა მიმართ

დამფუძნებელი კრების ამა წლის 27 თიბათვის დეკრეტის თავის ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის და/ან დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის დეკრეტის ასასრულებლად ვაცხადებ:

  1. სამხედრო სამსახურიდან თავის ნებით წასულნი და გაქცეულნი (დეზერტირები) მოვალე არიან ამა წლის 1-ლი სექტემბრიდან გამოცხადნენ თავის ნაწილებში ან სამხედრო უფროსთან. ამ შემთხვევაში ისინი სასჯელიდან თავისუფლდებიან.
  2. მაზრის და სოფლის საზოგადოებათა კომისიები და მილიციის უფროსები ვალდებულნი არიან 1-ლ სექტემბრიდან მოკიდებული შეიპყრან დეზერტირთა მფარველნი, თუნდა უკანასკნელი მშობლები იყვნენ და დაუყონებლივ გადასცენ ისინი სათანადო სასამართლოს ყოველ კერძო შემთხვევაში დატუსაღებულთა შესახებ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
  3. მაზრის და სოფლის საზოგადოებათა კომისრები და მილიციის უფროსები ვალდებულნი არიან პირველი სექტემბრიდან დაუყონებლივ შეიპყრან დეზერტირები და გადასცენ ჯარის მახლობელ ნაწილებს ან სამხედრო უფროსებს. ვინც ამ ბრძანებას არ შეასრულებს იგი დაუყონებლივ გადაყენებული იქნება სამსახურიდან ჯამაგირის მოსპობით და პასუხისგებაში იქნება მიცემული, თანახმად მიღებული დეკრეტებისა.
  4. ჯარის ნაწილთა უფროსები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციას გაუწიონ ყოველგვარი დახმარება დეზერტირთა, მათ მფარველთა და წამქეზებელთა შეპყრობაში.

შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი

ნოე რამიშვილი

მსგავსი/Related

Back to top button