Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

კლემანსოს დეპეშა და საქართველოს მთავრობის პასუხი სომხეთის ბრალდებებთან დაკავშირებით

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 6 აგვისტო, N173.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაურის საშუალებით მიიღო დეპეშა კლემანსოსაგან მოკავშირე და მათთან შეთანხმებაში მყოფ ქვეყნების უმაღლესი საბჭოს სახელით გამოგზავნილი –

 „საბჭომ გაიგო, რომ საქართველოს მთავრობას წინააღმდეგობა გაუწევია იმ სურსათის გატარებისთვის, რომელიც მოკავშირეებმა სომხეთს გაუგზავნეს, რომ შემცირებულიყო შიმშილი და უბედურება, რომელსაც განიცდიან ამ ქვეყნის უბედური მცხოვრებლები. საბჭო ვერ პოულობს საკმაო ენერგიულ გამონათქვამებს, იმის განსაცხადებლად, რომ ის ზომები, რომელიც მიღებულია საქართველოს მიერ (გამოტოვებულია, გაზ. საქართველოს რესპუბლიკის შენიშვნა).

საბჭო ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა არა თუ მისცემს უპირატესობას, რომ რკინის გზებზე, რომლებიც ახლა მის განკარგულებაშია, გაიაროს ამ ტვირთმა, არამედ ყოველ ღონეს იხმარს, რომ გაიაროს ამ სურსათმა და აიღებს ამაში მხოლოდ ფასს, რომელიც ჩვეულებრივ არის დაწესებული. საბჭო მოელის საქართველოს მთავრობისაგან პასუხს, რომ იცოდეს თანახმა არის ის ამ შეთანხმების თუ არა“.

ამ დეპეშის საპასუხოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა შემდეგი დეპეშა გაგზავნა: „ პარიზი, მოკავშირე და მათთან შეთანხმებაში მყოფ ქვეყნების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ. კლემანსოს.

უმაღლესი საბჭოს საპასუხოდ იმ დეპეშისა, რომელიც ეხება იმ ვითომდა  წინააღმდეგობას, რომელსაც ვითომდა სჩადის საქართველოს მთავრობა სომხეთში გასაზიდ სურსათის გამო, მე მაქვს პატივი ვაცნობო თქვენს უმაღლესობას შემდეგი: ის ცნობები, რომლებიც მიღებულია აქ უმაღლეს საბჭოს ამ კითხვის შესახებ არ შეეფერება სიმართლეს. იმ თავითვე როცა დაიწყეს მოკავშირეებმა სომხეთისთვის სურსათის მიწვდომა, საქართველოს რკინის გზებმა გაგზავნა ბათუმიდან სომხეთში სურსათის ტვირთი: თებერვალში 272 ვაგონი, მარტში 590, აპრილში 816, მაისში 457, ივნისში 1111, ივლისში (26 ივლისამდე) 500 ვაგონი, სულ 3584 ვაგონი. ეს არის მაკსიმუმი იმ გადასაზიდ საშუალებისა, რომელიც ჩვენ შეგვეძლო მიგვეცა სომხეთისათვის. გადატანა მოწყობილი იყო სისტემატიურად საქართველოს რესპუბლიკის მიერ იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა თვით განიცდის  სურსათის კრიზისს და მრავალ დაბრკოლებათა მიუხედავადაც: დიდი ნაწილი ვაგონებისას აკავებდა სომხეთი და მხოლოდ ინგლისის მისიის დახმარებით  ვაგონები ბრუნდება ეხლა ასე თუ ისე პერიოდულად. უნდა აგრეთვე აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ნახევარი რიცხვი რესპუბლიკის რკინის გზის ვაგონებისა დაბანდებულია მოკავშირეთა სარდლობის სამხედრო  საჭიროებისათვის. ამგვარად, ის დახმარება, რომელსაც უწევს საქართველოს რესპუბლიკა სომხეთს, ეჭვი არაა, ცუდათ იმოქმედებდა თვით საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობაზე.

ვხმარობთ რა ყოველ ძალღონეს, რომ შეუმსუბუქდეს სომეხ ხალხს წვალება და ვგზავნით რა სომხეთში ვაგონებს ასობით იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები თვით იტანჯებიან სიმშილისაგან, რადგანაც მას არ ყოფნის გადასაზიდი საშუალებანი, ჩვენ ვცნობთ სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლათ იმ საყვედურებს, რომლებიც ჩვენკენ არის მომართული, ინგლისის სარკინისგზო მისიას ტფილისში შეუძლია დაადასტუროს ყველა ზემოდ მოყვანილი ფაქტები.

მე შემიძლია თქვენ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალში ისე, როგორც ის შვრებოდა აქამდე, იხმარს ყოველ ღონეს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სასურსათო გასაჭირი სომხეთისა.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მაგიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button