ახალი ამბები

საფრანგეთსა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 2 აგვისტოს, რომ საფრანგეთსა და ისრაელში ქვეყანას ახალი ელჩები ეყოლება.

თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს ახალი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება იუნესკოში. კატუკიას არ გააჩნია დიპლომატიური გამოცდილება და მის შესახებ გადამოწმებადი ინფორმაცია მწირია.

მისი პროფესიული LinkedIn პროფილის მიხედვით, კატუკია 2012 წლიდან, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე  მომუშავე ფრანგული ჟურნალის „Diplomatie“ მთავარი რედაქტორია, იგი ასევე ირიცხება Consilde Media Group-ის გამოცემების დირექტორად, რომელიც მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს. ამავე პროფილის მიხედვით 2012 წლიდანვე კატუკია  ფრანგული კვლევითი ცენტრის – Centre d’Analyse et de Prévision des Risques Internationaux (CAPRI) მოხალისე გენერალური მდივანია. საინტერესოა, რომ ყველა ამ დაწესებულების ხელმძღვანელია ალექსის ბაუტსმანი (Alexis Bautzmann), რომელიც 21 წლის განმავლობაში, 2018 წლის დეკემბრამდე, საფრანგეთის არმიის უმაღლეს სამხედრო სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების სწავლებას უძღვებოდა, 2008 წელს კი ფრანგული ტელეარხის, France24-ის სპეციალური კორესპონდენტი იყო რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას.

ლაშა ჟვანია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი,  საქართველოს ახალი ელჩი იქნება ისრაელში. ის საქართველოში უკეთაა ცნობილი: ამ პოზიციის დაკავებამდე, ჟვანია საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა.

2006-2008 წლებში ჟვანიას კვიპროსში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, სანამ ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში შევიდოდა. 2008 წლის დეკემბერში იგი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, თუმცა 2009 წლის აგვისტოში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ის შემდეგაც ოპოზიციას შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button